არ შეიძლება, ევროკავშირი უნგრეთის მძევალი გახდეს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ბუდაპეშტი რუსეთის წინააღმდეგ უახლესი სანქციების დაბლოკვას აპირებს, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
კესტუტის ბუდრისის თქმით, უნგრეთი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას პრინციპულად ბლოკავს.
„ჩვენ არ შეგვიძლია, გავხდეთ ერთი ქვეყნის მძევალი, მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები კონკრეტულ საკითხებს აყენებენ, მათი კომპანიების მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით უნგრეთი სანქციებს უბრალოდ პრინციპულად ბლოკავს“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ნავთობსადენი „დრუჟბა“ არა დაბლოკილი, არამედ რუსების მიერ დაზიანებულია და ამჟამად შეკეთების პროცესშია.
ამასთან, მისივე თქმით, ევროპამ უნგრეთს ნავთობის მიწოდების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ალტერნატივა არაერთხელ შესთავაზა.
„ეს უნგრეთს არ აწყობს. მათ სურთ რუსული ნავთობი, რომელიც იაფია, მაღალი ხარისხისაა და შესაძლოა, სხვა ნავთობზე უკეთესი სუნიც კი ჰქონდეს, სულ ეს არის. აქ ბევრ პოლიტიკას ვხედავ“, – აღნიშნა ბუდრისმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას დაბლოკავდა, რადგან უნგრეთში თვლიან, რომ უკრაინა ნავთობსადენ „დრუჟბას“ შეკეთებას განზრახ არ ახორციელებს. მანამდე, ბუდაპეშტმა უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდების შეჩერების შესახებ განაცხადა.

