ხვალ ესტონეთი დამოუკიდებლობის 108-ე წლისთავს აღნიშნავს. სინამდვილეში, ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობის ომის დროს და გავიმარჯვეთ. ასე რომ, ჩვენ ხვალ ამ მნიშვნელოვან დღეს აღვნიშნავთ, მაგრამ ასევე შემიძლია, ვთქვა, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის გარეშე აქ თავისუფალი ქვეყნის წარმომადგენლის სტატუსით ვერ ვიდგებოდი, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში განაცხადა.
მარგუს ცაჰკნას განცხადებით, რუსეთს, ნატო-სა და ევროკავშირს შორის „ნაცრისფერი ზონები“ სამწუხაროდ, რუსული აგრესიისთვის ყოველთვის „მწვანე შუქს“ ჰგავდა.
„ჩვენ ვიხილეთ საქართველო 2008 წელს და ხვალ ჩვენ ასევე აღვნიშნავთ უკრაინის წინააღმდეგ ყველანაირი სისასტიკით ჩადენილი სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავს. სინამდვილეში, ეს ომი 2014 წელს დაიწყო. ამის შესახებ თქვენი ინფორმირება არ მჭირდება. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი საერთოდ არ ცვლის მიზანს და სულ უფრო და უფრო მეტ თავდასხმას ახორციელებს მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, მარგუს ცაჰკნას თქმით, „უკრაინელები მათთვის დროს იგებენ“.
„უკრაინელები ჩვენთვის დროს იგებენ და უნდა გვესმოდეს, რომ მომავლის თვალსაზრისით, ახლა უკრაინა ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვჭირდებით უკრაინას. ვინაიდან ჩვენ გვჭირდება უკრაინის, მოლდოვისა და ბევრი სხვა ქვეყნის ევროკავშირში შემოერთება, ვინაიდან ეს ისტორიული მომენტია, ევროპა უნდა იყოს გაერთიანებული, უფრო ძლიერი და ეს ნაცრისფერი ხანა, თუ როგორც არ უნდა ვუწოდოთ მას, პუტინისთვის ქმედებების გასაგრძელებლად მხოლოდ მწვანე შუქია. სწორედ ამიტომ ველოდები, რომ დღეს სანქციების მე-20 პაკეტს მივიღებთ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, სანქციები მკაცრი უნდა იყოს. მარგუს ცაჰკნას განმარტებით, სანქციების არსი საზღვაო მომსახურების სრული აკრძალვა უნდა იყოს, თუმცა არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ.
„არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ყველაფერს ბლოკავს, ეს ყოველთვის ასეა, მაგრამ ჩვენ მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე და ასევე მხარი დავუჭიროთ უკრაინას. 90 მილიარდი, რომლის შესახებაც გადაწყვეტილება გასული წლის ბოლოს მივიღეთ, უნდა გაიცეს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას წევრ სახელმწიფოებს შორის, რადგან უკრაინას ეს ფული ძალიან სჭირდება. რამდენიმე კვირის წინ ესტონეთმა წარადგინა წინადადება, შენგენის ზონაში რუსი მებრძოლების შესახებ შავი სიის შექმნის თაობაზე. ისინი ძალიან ცუდი ბიჭები არიან და ევროპაში ჩამოვლენ, ჩემი კითხვაა, მზად არის თუ არა ევროპა მშვიდობისთვის“,- განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
გარდა ამისა, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიზეზი, რის გამოც უნგრეთი და სლოვაკეთი აცხადებენ, რომ უკრაინის მიერ მილსადენის აღდგენა აუცილებელია, არა უკრაინა, არამედ რუსეთია. ამასთან, მარგუს ცაჰკნას თქმით, „კრემლის კარზე დაკაკუნებას და კითხვას, რისი მიღება სურს პუტინს, აზრი არ აქვს.“
„ჩვენ ვიცით, რომ მას სურს მთელი უკრაინის დაპყრობა, ასევე ევროპისაც. ასე რომ, წასვლის და საუბრის მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა ცაჰკნამ.

