ახალი ამბები

„ყოველი შეფერხება სანქციების პაკეტის მიღებაში არის მარცხი ევროპისთვის“ – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია მალმერ სტენერგარდმა Euronews-ის ფლაგმანურ დილის გადაცემაში Europe Today განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ან უკრაინის მხარდაჭერის გადადება „ასუსტებს ზეწოლას მოსკოვზე კრიტიკულ მომენტში“, სრულმასშტაბიანი ომის ოთხი წლისთავის წინ.

მინისტრის თქმით, სანქციების გადადება ევროპის „მარცხია“.

„ყოველი შეფერხება სანქციების პაკეტის მიღებაში არის მარცხი ევროპისთვის,“ – აღნიშნა მან და ევროკავშირს უკრაინისადმი მხარდაჭერის გაძლიერებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა: „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, სწორედ ამიტომ არის საჭირო სანქციები. დღეს ველოდები, რომ ისინი მოიქცევიან როგორც ევროპელები, თუმცა ამაში დარწმუნებული არ ვარ.“

სტენერგარდის განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტო განაცხადა, რომ ბუდაპეშტი დაბლოკავს ევროკავშირის ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, სანამ უკრაინა არ აღადგენს უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანზიტს „დრუჟბას“ მილსადენით.ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ბრიუსელში შეიკრიბნენ, რათა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი დაასრულონ. მიზანი იყო პაკეტის დამტკიცება სამშაბათამდე, როდესაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ოთხი წელი სრულდება.

გასულ კვირას უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ აჩერებენ უკრაინაში დიზელის ექსპორტს და კიევი დაადანაშაულეს „დრუჟბას“ მილსადენით რუსული ნავთობის ნაკადების განზრახ შეზღუდვაში.აღნიშნული ნაბიჯი საფრთხეს უქმნის ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებას, რაც აუცილებელია ახალი სანქციების დასამტკიცებლად.

დაპირისპირება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაძაბულ ურთიერთობას იმ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, რომლებიც კვლავ მნიშვნელოვან მოცულობებს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტზე არიან დამოკიდებული, და კიევს შორის, რომელიც მათ ენერგოდამოკიდებულების სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

უნგრეთმა ასევე განაცხადა, რომ დაბლოკავს უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სესხს, რამაც სხვა წევრ ქვეყნებში უკმაყოფილება გამოიწვია. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს გადაწყვეტილება „სამარცხვინო“ უწოდა.

„სამარცხვინოა, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას არ ატარებენ, თუმცა ჩვენ გავაგრძელებთ მათზე ზეწოლას. ვფიქრობ, ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს შიდა პოლიტიკა და უნგრეთში მოახლოებული არჩევნები,“ – განაცხადა სტენერგარდმა.

იტვირთბა....