დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეოცე პაკეტზე პროგრესს არ ველოდები, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ბრიუსელში განაცხადა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ დიპლომატები დღეს იმსჯელებენ რუსეთთან შესძლო დიალოგზე და იმ საკითხებზე, რომლებზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება მოსკოვთან პოტენციური მოლაპარაკებების შემთხვევაში.
კალასის აზრით, ყველაზე მთავარი არის რუსეთისგან დათმობების მიღება.
„გვექნება დისკუსია უკრაინაზე. ხვალ არის ამ საშინელი ომის მეოთხე წლისთავი. რა თქმა უნდა, გვექნება დისკუსია სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით. მაგრამ როგორც ყველამ იცით, ამ საკითხზე დღეს პროგრესი არ იქნება, თუმცა ცხადია, წინ წაწევას ვეცდებით. ასევე გვექნება დისკუსია იმის შესახებ, თუ რაზე უნდა ვესაუბროთ რუსებს. ცხადია, რომ ამ დრომდე სამშვიდობო მოლაპარაკებების კუთხით ზეწოლა ხორციელდებოდა უკრაინაზე და ცხადია, რომ რუსულ მხარეზე უნდა იყოს ზეწოლა, რადგანაც ისინი წარმოადგენენ აგრესორს ამ ომში და თუ გვსურს, რომ ეს ომი შეჩერდეს და აღარ გაგრძელდეს, ან გაფართოვდეს, მაშინ ჩვენ უნდა ვიხილოთ ასევე დათმობები რუსეთის მხრიდან.
ჩვენ ასევე განვიხილავთ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობით სესხს. როგორ უნდა წავწიოთ ეს წინ, მაგრამ ვნახოთ რა გამოვა“, – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღესვე იმსჯელებენ ევროპაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზეც.
„დღეს ჩვენ გვექნება დისკუსია უცხოური საინფორმაციო მანიპულაციებსა და ყალბ ინფორმაციაზე. რისი გაკეთება შეგვიძლია ამ კუთხით გავაკეთოთ, ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც დავეხმარეთ ჩვენს მეგობრებს და სხვა ქვეყნებს. ცხადია, რომ ეს უკვე ხდება ევროპის პრობლემაც. ნათელია, რომ ჩვენ გვაქვს ეს ქსელები, რომლებიც რეალურად ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ. ეს არის კოგნიტური ომი, ეს არის ნარატივების ბრძოლა ადამიანების გულებსა და ტვინებისთვის. ასე რომ, დღეს განვიხილავთ კიდევ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ კუთხით“, – აღნიშნა კალასმა.
კალასის თქმით, დღესვე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, ევროკავშირს სურს, იყოს ღაზის სექტორში სამშვიდობო პროცესის მონაწილე, მათ შორის დაჯგუფება „ჰამასის“ განიარაღებაში წვლილის შეტანით. ასევე ევროკავშირის დიპლომატები განიხილავენ სირიაში არსებულ ვითარებას, ვენესუელას და იმ საკითხებს, რომლებსაც წევრი ქვეყნები წამოწევენ.

