ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ტერიტორიების უკანონოდ მითვისების ფაქტები: მერია განცხადებას ავრცელებს

 

თბილისის მერია შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთების თვითნებურად მითვისებას ცდილობენ, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერიის განცხადებაშია საუბარია.

მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ არაერთხელ დაფიქსირდა სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისების ფაქტები:

„დედაქალაქის მასშტაბით, სახელმწიფო და მუნიციპალური ტერიტორიების უკანონოდ მითვისება მასობრივ  ხასიათს იძენს, რაზეც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მყისიერად რეაგირებს.

ამ ეტაპზე, ზედამხედველობის სამსახურს პირვანდელ მდგომარეობაში მოჰყავს ის მარტივი და ასევე, კაპიტალურად აგებული კონსტრუქციები, სადაც არაერთხელ იქნა დატოვებული შეტყობინება, თუმცა მოქალაქეების მხრიდან გამოხმაურება არ მოჰყოლია. ანუ, არსებობს ვარაუდი, რომ ნაგებობებში არავინ ცხოვრობდა და ტერიტორიები დაკავებული იყო შემდგომში დაკანონების მიზნით. ამჟამად აფრიკის დასახლებაში, მებაღეობის ქუჩის N29-ე კორპუსის მიმდებარედ მსგავსი შენობების დემონტაჟი მიმდინარეობს.

ამასთან, ამავე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაწყებულია კიდევ 15 ფაქტზე და შედგენილია მითითების აქტები.

თბილისის მერია შეახსენებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიწის ნაკვეთების თვითნებურად მითვისებას ცდილობენ, რომ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემა ხდება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური კი სისტემატურად ახორციელებს კონტროლს და მსგავსი ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართავს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

 

 

იტვირთბა....