აშშ-ის პრეზიდენტis, დონალდ ტრამპის ბოლო სატარიფო მუქარის შემდეგ ევროკავშირი მოთმინებას კარგავს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ვაშინგტონისგან მოითხოვს განმარტებებს აშშ-ის შემდგომი ნაბიჯების შესახებ მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის გლობალური ტარიფები უკანონოდ ცნო.
„ევროკომისია ითხოვს სრულ განმარტებას იმ ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმასაც შეერთებული შტატები აპირებს უზენაესი სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების შემდეგ“, – ნათქვამია ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტრამპმა ახალი, 15-პროცენტიანი გლობალური ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა.
ევროკომისიის განცხადებით, ამჟამინდელი სიტუაცია ხელს არ უწყობს „სამართლიანი, დაბალანსებული და ურთიერთსასარგებლო“ ტრანსატლანტიკური ვაჭრობისა და ინვესტიციების უზრუნველყოფას.
ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის 3 აპრილს დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საპასუხოდ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ქვეყნისთვის ათპროცენტიანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა, ხოლო შემდეგ აღნიშნული ტარიფები 15 პროცენტამდე გაზარდა.

