ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ პირველი კონსტიტუცია მიიღო

21 თებერვალი საქართველოს პირველი კონსტიტუციის დღეა. 

105 წლის წინ ამ დღეს, 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა.

პირველი რესპუბლიკის მიერ მიღებული კონსტიტუცია 17 თავსა და 149 მუხლს მოიცავდა. კონსტიტუციით გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა. საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის პირველი შეკრება 1918 წლის 7 ივნისს გაიმართა.

დამფუძნებელი კრების არჩევის შემდეგ, 1919 წლის მარტში, შეიქმნა თხუთმეტი წევრისაგან შემდგარი ახალი საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც მანამდე არსებული კომისიის მასალები გადაიბარა და მუშაობა განაგრძო. კომისიის წევრთა შემადგენლობა რამდენჯერმე შეიცვალა. მას ჯერ – რაჟდენ არსენიძე, ხოლო მოგვიანებით პავლე საყვარელიძე ხელმძღვანელობდა.

კონსტიტუციის პროექტი სრული სახით 1920 წლის მაისში დაიბეჭდა და განსახილველად დამფუძნებელი კრების წევრებს დაურიგდათ. პროექტის განხილვას კრების მრავალი სხდომა მიეძღვნა. საბოლოოდ, 1921 წლის 21 თებერვალს თბილისში გამართულ სხდომაზე საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს პირველი კონსტიტუცია მიიღო.

სწორედ იმ დროს ქართული შეიარაღებული ძალები რუსულ არმიას თბილისის მისადგომებთან ებრძოდა.

იტვირთბა....