პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, გააგრძელოს აშშ-ის მიერ რუსეთისთვის ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები, კრემლში „ავტომატური” უწოდეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დმიტრი პესკოვს დღეს, 20 თებერვალს მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს, მოსალოდნელი იყო თუ არა აშშ-ის გადაწყვეტილება მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე.
პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ ეს მოლაპარაკებები რთული და „დროში გაწელილია“, ამიტომ რუსეთს არანაირი გადაჭარბებული მოლოდინი არ ჰქონია და სანქციების გაგრძელება „ავტომატური გადაწყვეტილებაა“. პესკოვის თქმით, რას მოიტანს მოლაპარაკებების პროცესი, ამაზე შედეგების მიხედვით იმსჯელებენ.

