ახალი ამბები

„სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ, ხომ არ ხდება ნავთობის არალეგალური ტრანზიტი და წარმოშობის სერტიფიკატის აღება საქართველოში“ – გია ხუხაშვილი

„სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ, ხომ არ ხდება ნავთობის არალეგალური ტრანზიტი და წარმოშობის სერტიფიკატის აღება საქართველოში“ - გია ხუხაშვილი
„სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ, ხომ არ ხდება ნავთობის არალეგალური ტრანზიტი და წარმოშობის სერტიფიკატის აღება საქართველოში“ - გია ხუხაშვილი

„რასაც არ აწარმოებ, მის ექსპორტს ვერ განახორციელებ და თუ აწარმოებ, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ – სად აწარმოებ, რა რაოდენობით და როგორ“,- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ბიზნესპრესნიუსითან“ საწვავის ადგილობრივი ექსპორტის რეკორდულ ზრდას..

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის გამოქვეყნებულმა მონაცემებმა, ქვეყანა საერთაშორისო სკანდალში გახვიოს.

„თეორიულად რომ წარმოვიდინოთ, ქვეყანაში რომ არსებობდეს ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეები, ბუნებრივია, ნედლეული საჭირო იქნებოდა, რადგან ამდენი ნავთობი ჩვენთან არ იწარმოება. ასეთ შემთხვევაში ნედლი ნავთობის იმპორტი გასაგები და გამართლებულია მაგრამ, ჩვენ ისიც არ ვიცით, რეალურად ქვეყანაში ნავთობგადამამუშავებელი წარმოება არსებობს თუ არა. ეს არის ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელიც უნდა გახდეს სამართალდამცავი სისტემის ინტერესის სფერო. სხვათა შორის ახლა ევროპაში რომ დაიწყო საუბარი ყულევის სანქციების ქვეშ მოხვედრაზე, ეს ყველაფერი ერთი ისტორიის ნაწილია. ჩნდება კითხვები, რა ხდება? – ხომ არ ხდება ნავთობის არალეგალური ტრანზიტი და წარმოშობის სერტიფიკატის აღება საქართველოში, რომ მერე ამ გზით გარკვეულ პრობლემებს თავი აარიდონ. რუსეთი მაქვს მხედველობაში.

საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი წარმოება, რაზეც არის საუბარი, უბრალოდ არ არსებობს. რომ არსებობდეს, ჩვენ ამას ვნახავდით და სიუჟეტებშიც გვაჩვენებდნენ, როგორ მუშაობს. საუბარია, რომ თითქოს ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდა, მაგრამ მე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს ქარხანა ჯერჯერობით გაშვებული არ არის. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ეს ქიმიური პროცესია და არა კოქტეილის მომზადების.

თუ აქ ის სქემა მუშაობს, რაც ვახსენე, ეს არის საერთაშორისო სკანდალი, რაც შეიძლება, ძალიან ძვირად დაუჯდეს ჩვენს ქვეყანას. რასაც არ აწარმოებ, მის ექსპორტს ვერ განახორციელებ და თუ აწარმოებ, მაშინ ჩვენ უნდა ვიცოდეთ – სად აწარმოებ, რა რაოდენობით და როგორ. ეს არ ვიცით. და, რადგან არ ვიცით, ბუნებრივია, ჩნდება კითხვები.

მე ვფიქრობ, სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ და ნაცვლად ბავშვების დევნისა თუ შეთქმულებებზე საუბრისა, რეალურად საქმეს მიხედონ, ამ ყველაფერში ჩაიხედონ. იმიტომ, რომ შედეგები შეიძლება იყოს დამანგრეველი ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქციისთვის“,- ამბობს გია ხუხაშვილი.

იტვირთბა....