კონსტანტინე კოკაიას პროკურატურა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს- ამის შესახებ თავად სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებული ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
როგორც კოკაია ამბობს, ბრალდების მხარე მას აღიარების სანაცვლოდ ერთი წლის მოხდის შემდეგ ერთ წლიანი პირობითით გათავისუფლებას სთავაზობს.
75 წლის პენსიონერი 5 შუნტით და ოთხი სტენდით, ამბობს, რომ უარს აცხადებს საპროცესო შეთანხმებაზე და პროკურატურის შეთავაზებას არ დათანმხდება.
,,Როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდების მხარე მთავაზობს საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობებით – ერთი წელი ციხე, ერთი წელი პირობითი. არ ჩამიდენია არანაირი დანაშაული, თავს არ ვთვლი დამნაშავედ, დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი სასამართლო გამამართლებს. რაიმე სახის კანონი არ დამირღვევია და ჩემი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ვთვლი, რომ ვარ პოლიტპატიმარი, რეჟიმის პირდაპირი დაკვეთაა ჩემი პატიმრობაში ყოფნა, დანაშაული არ ჩამიდენია და მთავაზობენ საპროცესო შეთანხმებას, მაშინ როდესაც არაფერი დამიშავებია.
ვარ 75 წლის 5 შუნტით და ოთხი სტენდით. მაქვს უმძიმესი ქრონიკული გულსისხლძარაღვთა დაავადება და არც სასამართლო და არც პროკურატურა არც ერთჯერზე არ დაინტერესებულან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ პირობებში მამყოფებენ ციხეში. ჩემი პოზიცია, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, უცვლელია. დაკავების დღიდან დღემდე უარს ვამბობ საპროცესო შეთანხმებაზე და არ ვაპირებ იმის დაბრალებას, რაც არ ჩამიდენია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სასამართლოს პირობებში ვერ ვიპოვი საკუთარ სიმართლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან, ჩემს ოჯახთან და ქვეყანასთან. სწორედ ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი”, – წერს წერილში კონსტანტინე კოკაია.
კონსტანტინე კოკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

