„ჩვენი გადმოსახედიდან იმისთვის, რომ ქართულ საზოგადოებას დავანახოთ ივანიშვილის რეალური დემოკრატიული ალტერნატივა, ვფიქრობთ, მრავალფეროვანი შეთავაზება უფრო სწორი მიდგომა იქნება, ვიდრე ერთიანი და დიდი. საზოგადოებაში ამ პროცესის მიმართ ნდობა ისეთი არ არის. ჩვენი მხრიდან ღიად ვამბობთ, რომ ასეთი პროცესის ფინალის ნდობა არ გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირების გზაზე „ლელო-ძლიერმა საქართველომ“ თავისი განსხვავებულობით, კონკრეტული პარტიული მიდგომით უნდა აჩვენოს ის ალტერნატივა, რომელიც ქართულ საზოგადოებას ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის მომენტში ელოდება. ჩვენი ხედვა უნდა გვქონდეს, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ გვქონდეს კონსულტაციები, ვისაუბროთ აბსოლუტურად ყველასთან ოპოზიციის როლზე. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ამ კონსტრუქციული საუბრის მომხრე. რაც შეეხება ერთობებს, დოკუმენტების ხელმოწერებს, ამ პროცესის მიმართ დღეს არც ნდობა გვაქვს და არც მიგვაჩნია, რომ ეს არის ის გზა, რომელიც ახლა ამ პოლიტიკური ვითარებაში სწორი მიდგომა და სტრატეგია არის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ“,-განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, „ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.
კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში

