დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ღაზის სექტორში 5,000 ადამიანზე გათვლილი სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს, რომელიც 350 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გადაჭიმული. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს „მშვიდობის საბჭოს“ (Board of Peace) კონტრაქტების ჩანაწერებზე დაყრდნობით.ობიექტი ჩაფიქრებულია, როგორც ოპერატიული ბაზა მომავალი საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალებისთვის (ISF) — მრავალეროვნული სამხედრო ფორმებისთვის,რომელიც შედგება პარტნიორი ქვეყნების ჯარებისგან.
ISF არის ახლად შექმნილი „მშვიდობის საბჭოს“ ნაწილი, რომლის მიზანიც ღაზის მართვაა. საბჭოს თავად დონალდ ტრამპი თავმჯდომარეობს, მისი ერთ-ერთი ლიდერი კი მისი სიძე, ჯარედ კუშნერია.
გეგმები ითვალისწინებს სამხედრო ფორპოსტის ეტაპობრივ მშენებლობას, რომლის ფართობიც საბოლოოდ 1,400 მეტრს 1,100 მეტრზე მიაღწევს. იგი გარშემორტყმული იქნება 26 დაჯავშნული სათვალთვალო კოშკურით, მცირე ზომის სასროლეთით, ბუნკერებითა და სამხედრო აღჭურვილობის საწყობით. მთელი ბაზა ეკლიანი მავთულხლართებით იქნება იზოლირებული.
ფორტიფიკაცია დაგეგმილია სამხრეთ ღაზის მშრალ ვაკეზე, რომელიც ამჟამად ისრაელის მრავალწლიანი დაბომბვების შედეგად დაზიანებული ლითონის ნარჩენებითაა მოფენილი. წყაროს ცნობით, საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებსაც საომარ ზონებში მუშაობის გამოცდილება აქვთ, ტერიტორია უკვე დაათვალიერეს.
ინდონეზიის მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, მისიაში 8,000-მდე ჯარისკაცი გაგზავნოს. გაეროს უშიშროების საბჭომ „მშვიდობის საბჭოს“ უფლება მისცა, ჩამოაყალიბოს დროებითი ISF ღაზაში, რომლის მოვალეობაც საზღვრების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება და პალესტინის პოლიციური ძალების წვრთნა იქნება.
თუმცა, ბუნდოვანია, როგორი იქნება მათი მოქმედების წესები საბრძოლო მოქმედებების განახლების ან ჰამასის თავდასხმების შემთხვევაში. ასევე გაურკვეველია, რა როლს შეასრულებს ეს ძალა ჰამასის განიარაღებაში — რაც ისრაელის მთავარი პირობაა ღაზის აღდგენის პროცესის დასაწყებად.

