კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, ევროკავშირის დოკუმენტიდან და კაია კალასის პოზიციიდან ჩანს ვინ არის სინამდვილეში საქართველოს მეგობარი.
- ევროკავშირმა კაია კალასის ხელმძღვანელობით, სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაზეა საუბარი.
ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქვეყანაში დე ფაქტო ხელისუფლების პირობებისა, ევროკავშირი მაინც ზრუნავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, რაც ძალიან დასაფასებელია.
,,ამ დოკუმენტიდან და კალასის პოზიციიდან ჩანს, ვინ არის სინამდვილეში ამ ქვეყნის მეგობარი. იმ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვართ, როდესაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც მინიმუმ ამ ქვეყნის ინტერესებს გარეთ საერთოდ არ იცავს, ევროპა რჩება იმ ადგილად და იმ სივრცედ, რომელიც მიუხედავად ასეთი დე ფაქტო ხელისუფლების პირობებისა, მაინც ზრუნავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ზრუნავს იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე აღარ იყოს ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებული ძალები. ეს არის ძალიან დასაფასებელი, მაგრამ ამათი რეაქცია ეჭვი მაქვს მაინც ის იქნება, რომ როდესაც ევროპა ითხოვს აქედან ოკუპანტი ჯარების გაყვანას, ესენი იტყვიან, ამით რუსეთს აღიზიანებენო,” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ
ცნობისთვის, დოკუმენტში ასახულია, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი უკრაინასთან მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებში, რომელშიც შეერთებული შტატები შუამავლობით მონაწილეობს.
დოკუმენტი 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განხილვის საგანი გახდება.

