აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ სომხეთის მთავრობის სურვილი, „სომხეთის რკინიგზის“ მმართველობაში რუსეთი ჩაანაცვლოს, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებაა, რომელმაც შესაძლოა, „აწყობილი სისტემა მოშალოს“

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ „სომხეთის მთავრობის სურვილი, „სომხეთის რკინიგზის“ მმართველობაში რუსეთი ჩაანაცვლოს, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებაა, რომელმაც შესაძლოა, აწყობილი სისტემა მოშალოს“.

„არ შევაფასებ სხვა ქვეყნების კომპეტენციას რკინიგზის მართვაში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რომელიმე სხვა კომპანიამ შეძლოს, სრულფასოვნად და ეფექტურად ჩაანაცვლოს რუსეთის სარკინიგზო გადამზიდავი, რომელიც სომხეთში არცთუ იოლ პირობებში მუშაობს.

ახლახან კომენტარი გავაკეთე სომხეთისა და აშშ-ის გეგმაზე, ითანაშრომლონ ბირთვულ თემატიკაზე. ასე რომ, დიპლომატიური ენით რომ ვთქვათ, ეს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები ხომ არ მიგვიყვანს ისეთივე საშიშ ექსპერიმენტებამდე, რომელთა გამოც საფასურის გადახდა სომხეთის უბრალო მოქალაქეებს მოუწევთ? ორი ათწლეულის განმავლობაში აშენებული სისტემა, შეიძლება, უბრალოდ ჩამოიშალოს. ამაზე პასუხისმგებლობას არცერთი „მეგობრული ქვეყანა“ არ აიღებს. იმედი გვაქვს, გადაწყვეტილებების მიღების დროს სომხეთის ხელისუფლება საკუთარი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს“, – განაცხადა შოიგუმ.

მისივე თქმით, რუსეთი, უკვე თითქმის 20 წელია, ასრულებს კონცესიური შეთანხმების პირობებს და ინვესტიციებს აბანდებს სომხეთის რკინიგზაში.

„ახლა პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი ამბობს, რომ „სომხეთის რკინიგზის“ ყოფნა რუსული კომპანიის კონცესიაში აფრთხობს პოტენციურ პარტნიორებს, წინააღმდეგობას უქმნის რეგიონულ პროექტებს და მსჯელობს „სომხეთის რკინიგზის“ მმართველობის გადაცემაზე რუსეთისა და სომხეთისთვის მეგობრული ქვეყნისთვის“, – აღნიშნა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

ცნობისთვის, მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა წინადადებით, რომ რუსულმა მხარემ „სომხეთის რკინიგზის“ კონცესიური მმართველობის უფლება მოსკოვისა და ერევნისთვის რომელიმე მეგობრულ ქვეყანას მიჰყიდოს. ფაშინიანმა ასეთი ქვეყნების მაგალითად მოიყვანა ყაზახეთი, კატარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები.

იტვირთბა....