აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“პარტნიორებმა უნდა უპასუხონ კითხვას, რა სურთ მათ? სურთ ნამდვილი არჩევნები, თუ უბრალოდ ჩემი ჩანაცვლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას თეორიულად შეუძლია არჩევნების ჩატარება, თუ ორი თვით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დამყარდება.

ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა უპასუხონ ერთ კითხვას, რა სურთ მათ? სურთ ნამდვილი არჩევნები, თუ უბრალოდ ჩემი ჩანაცვლება? ვფიქრობ, რუსებს უბრალოდ ჩემი ჩანაცვლება სურთ. ამისთვის არსებობს ცივილიზებული გზა — არჩევნები. მაგრამ ხალხზე გავლენის მოხდენა არ შეიძლება, მათ თავად უნდა აირჩიონ, ვისთან ერთად ცხოვრობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ დაბლოკავდა არჩევნების ჩატარების შესახებ გარკვეულ წინადადებებს აშშ-ის მხრიდან, თუ ვაშინგტონს უკრაინაში მშვიდობის დამყარება შეეძლება.

„ორი თვით ცეცხლი თუ შეწყდება არჩევნების ჩასატარებლად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ პარლამენტს ვესაუბრო და ვაიძულო, მხარი დაუჭირონ იმას, რასაც არ უჭერენ, თავად ხალხიც არ უჭერს – ომის დროს არჩევნების ჩატარებას. მაშინაც კი, თუ ორთვიან ზავს მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა“, – განმარტა ზელენსკიმ.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხალხმა უნდა გამოთქვას აზრი რეფერენდუმზე მშვიდობის შესახებ, ხოლო პარლამენტმა ცვლილებები შეიტანოს მოქმედ კანონმდებლობაში.

იტვირთბა....