უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას თეორიულად შეუძლია არჩევნების ჩატარება, თუ ორი თვით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დამყარდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა უპასუხონ ერთ კითხვას, რა სურთ მათ? სურთ ნამდვილი არჩევნები, თუ უბრალოდ ჩემი ჩანაცვლება? ვფიქრობ, რუსებს უბრალოდ ჩემი ჩანაცვლება სურთ. ამისთვის არსებობს ცივილიზებული გზა — არჩევნები. მაგრამ ხალხზე გავლენის მოხდენა არ შეიძლება, მათ თავად უნდა აირჩიონ, ვისთან ერთად ცხოვრობენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არ დაბლოკავდა არჩევნების ჩატარების გარკვეულ წინადადებებს აშშ-ის მხრიდან, თუ ვაშინგტონს უკრაინაში მშვიდობის დამყარება შეეძლება.
„ორი თვე ცეცხლი თუ შეწყდება არჩევნების ჩასატარებლად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ პარლამენტს ვესაუბრო და ვაიძულო, მხარი დაუჭირონ იმას, რასაც არ უჭერენ, თავად ხალხიც არ უჭერს – ომის დროს არჩევნების ჩატარებას. მაშინაც კი, თუ ორთვიან ზავს მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, რომ ომი დასრულდა“, – განმარტა ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ხალხმა უნდა გამოთქვას აზრი რეფერენდუმზე მშვიდობის შესახებ, ხოლო პარლამენტმა ცვლილებები შეიტანოს მოქმედ კანონმდებლობაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებზეც და აღნიშნა, რომ ტერიტორიების საკითხში სამივე მხარეს – უკრაინას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს განსხვავებული პოზიციები ჰქონდა.
„პოლიტიკური მიმართულებით ყველაფერი უფრო რთულია – გვაქვს სამი განსხვავებული პოზიცია ტერიტორიების საკითხზე. ეს არ არის მარტივი, მაგრამ ჩვენ ვცდილობდით, ვყოფილიყავით ძალიან კონსტრუქციულები“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შემდეგი შეხვედრა ასევე შვეიცარიაში გაიმართება. ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის მზად, მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის დონბასის დათმობას.
„მე ვერ დავუჭერ მხარს ასეთ იდეას. ვფიქრობ, რთულ გარემოებებშიც კი ჩვენი ხალხი მზად არ იქნება, რადგან ათეულობით ათასი უკრაინელი დაიღუპა დონბასის დასაცავად“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინამ ყველაფერი შეასრულა ნატო-ში გასაწევრიანებლად, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსის წევრი ქვეყნები მიიღებენ.
„ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. ჩვენ უკვე გავაკეთეთ, რაც უნდა გაგვეკეთებინა. ვუთხარით, რომ მზად ვართ, გავხდეთ ნატო-ს ნაწილი და ყველა მოკავშირე გავაძლიეროთ. კიდევ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ? არაფერი. ახლა ბურთი ჩვენი პარტნიორების, ნატო-ს ქვეყნების მხარეზეა“, – განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.

