უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან ბოლო მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილი არ არის.
ზელენსკის შეფასებით, ჟენევაში მოლაპარაკებებზე „მგრძნობიარე პოლიტიკური საკითხები“ სათანადოდ არ განხილულა.
„დღეის მდგომარეობით ვერ ვიტყვით, რომ შედეგი საკმარისია. გარკვეული საკითხები სერიოზულად და არსებითად განიხილეს. მგრძნობიარე პოლიტიკური საკითხები, შესაძლო კომპრომისები და ლიდერების აუცილებელი შეხვედრა ჯერ კიდევ სათანადოდ არ განხილულა. შემდეგ შეხვედრას ველოდებით და სწორი იქნება, თუ ის თებერვალში გაიმართება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინამ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციები დაუწესა და პირობა დადო, რომ მინსკის წინააღმდეგ „საპასუხო ზომებს გაზრდის“ რუსეთისთვის ომში გაწეული დახმარების გამო.
„ეს ყველაფერი ერთად გვაიძულებს, შევცვალოთ ჩვენი პოლიტიკა და საფრთხეს პროპორციულად ვუპასუხოთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

