სლოვაკეთმა გადაწყვიტა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოს“ დამკვირვებლის სტატუსით შეუერთდეს. ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივა არის ერთადერთი ინიციატივა, რომელსაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მოტანა შეუძლია.
„სლოვაკეთმა მიიღო მოწვევა, გამხდარიყო დამკვირვებელი ახლად შექმნილ „მშვიდობის საბჭოში.“ ერთადერთი ინიციატივა, რომელიც ამჟამად არსებობს და რომელსაც შეუძლია მშვიდობის მიღწევა ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით კი ღაზას სექტორში, ჩვენი აზრით, არის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინიციატივა. ჩვენ გვსურს „მშვიდობის საბჭოში“ მონაწილეობა მივიღოთ, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპულმა დამცველებმა. ჩვენი მანდატი „მშვიდობის საბჭოში“ იქნება დამკვირვებლის მანდატი, რომლის მიზანიც სლოვაკეთის რესპუბლიკის პოზიციის წარმოდგენაა,“ – განაცხადა ბლანარმა.

