ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა წევრ ქვეყნებს დოკუმენტი გაუზიარა, რომელშიც ასევე არის საუბარი ევროკავშირის ხედვაზე გაფართოების პერსპექტივების შესახებ.
ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ მასალაშია ნათქვამი.
სტატიის მიხედვით, „უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების საკითხი, შესაძლოა, უკვე მომავალ წელსაც კი, კვლავ წამოიჭრას. პარალელურად, ბრიუსელი კიევის ამ კუთხით დასახმარებლად პოტენციური გადაწყვეტილებების განხილვას იწყებს. თებერვლის დასაწყისში 27 წევრი სახელმწიფოს ელჩებთან შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „შებრუნებული გაფართოების“ იდეა წამოაყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს, მაგრამ წევრობისთვის დამახასიათებელი მრავალი ან უმეტესი პრივილეგიის გარეშე, როგორიცაა ხმის მიცემის უფლება, საკუთარი ევროკომისარი ან თუნდაც დაფინანსებაზე სრული წვდომა. ასეთი უფლებები და ვალდებულებები თანდათანობით ამოქმედდება, რადგან ქვეყანა გააგრძელებს სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მისაღებად აუცილებელ რეფორმებს“.
მასალაში ნათქვამია, უკრაინა მომავალი წლისთვის სრულუფლებიანი წევრი ვერ გახდება, „მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ევროკავშირის ოფიციალური კანდიდატი ქვეყანა 2022 წელს გახდა, მას ჯერ კიდევ არ დაუწყია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ეს დიდწილად განპირობებულია უნგრეთის ვეტოთი, რომელსაც ბუდაპეშტი უკრაინაში უნგრული უმცირესობის უკრაინული დისკრიმინაციის ბრალდებით ამართლებს“.
„რადიო თავისუფლება“ წერს, რომ ევროკომისიის მიერ 2025 წლის ბოლოს კიევის წევრობისთვის მზადყოფნის შეფასების სწრაფი მიმოხილვა აჩვენებს, რომ ქვეყანას 33 თავიდან მხოლოდ რამდენიმეში აქვს „მომზადების კარგი დონე“.
„საილუსტრაციოდ, მონტენეგროს, რომელიც უკრაინაზე პატარა, უფრო მდიდარი და გეოპოლიტიკურად ნაკლებად რთული ქვეყანაა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 13 წელი დასჭირდა 33 თავიდან 13-ის დასასრულებლად. ევროკავშირის გაფართოების ექსპერტების უმეტესობის აზრით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2030-იან წლებში მაინც „სწრაფად“ ჩაითვლება“, – ნათქვამია მასალაში.
„რადიო თავისუფლების“ თანახმად, ევროკავშირისთვის შესაძლოა, დაჩქარებული, ნაწილობრივი, წინასწარი დატვირთვით ან უკუქცევით განხორციელებული ნებისმიერი ქმედებაც კი ძალიან შორს წასული ნაბიჯი იყოს.
ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა, მარტა კოსმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მთავარი დაბრკოლება გამოკვეთა.
„შეერთების პროცესში ორი მნიშვნელოვანი საყრდენი არსებობს: ერთი არის ტექნიკური პროცესი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ და მეორე არის წევრ სახელმწიფოებში დინამიკა, ამიტომ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, წევრი სახელმწიფოების თანხმობა უნდა მივიღოთ“, – თქვა მან. მისი თქმით, მეთოდოლოგიის უეცარი ცვლილება ერთსულოვნებას მოითხოვს, მნიშვნელოვანი ეჭვები არა მხოლოდ უნგრეთს აქვს.
„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის წყაროების ცნობით, რომლებიც ამ თემას კარგად იცნობენ, ევროკავშირის რამდენიმე სხვა წევრი სახელმწიფოც ფრთხილობს.
„რადიო თავისუფლების“ თანახმად, არგუმენტები ეხება „პანდორას ყუთს“, რომელიც შეიძლება, გაიხსნას ევროკავშირის ხელშეკრულებების პოტენციური შეცვლით, ასევე იმას, თუ რამდენად უნდა ჰქონდეს უკრაინას წვდომა შემოსავლებზე, როგორიცაა რეგიონული და სოფლის მეურნეობის დაფინანსება.
„რადიო თავისუფლების“ მიხედვით, არსებობს სამართლიანობის საკითხი, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე უკეთ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა დასვა.
„მეთოდოლოგიას გეოპოლიტიკური მიდგომის მიხედვით თუ შევცვლით, მაშინ ის არა მხოლოდ უკრაინის მიმართ შეიცვლება. მე მხარს ვუჭერ უკრაინას, მაგრამ ის ყველასთან უნდა შეიცვალოს. ეს კი დიდ აფეთქებას (გაფართოებას) ნიშნავს და დიდი აფეთქება მრავალი წელია, არ გვქონია“, – თქვა მან.
პლენკოვიჩის აზრით, „ყველა“ – ევროკავშირის ყველა სხვა კანდიდატს მოიცავს: ალბანეთს, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოს, კოსოვოს, მოლდოვას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სერბეთს და თურქეთს. ამ ცხრა ქვეყნიდან ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი და თურქეთი ტექნიკურად უფრო განვითარებულები არიან, ვიდრე უკრაინა, რადგან ყველა მათგანმა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყო. ისინი წლების განმავლობაში თუ არა, ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ წევრობის მიღებას არსებული დამსახურებაზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის გამოყენებით.
„დათანხმდებოდა თუ არა ევროკავშირის ყველა ამჟამინდელი წევრი სახელმწიფო რაიმე სახის წევრობას ყველა ამ ქვეყნებისთვის და თუ არა, რომელი ქვეყნების? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის ევროკავშირში უეცარი წევრობა, ნაწილობრივი თუ სხვაგვარი, სავარაუდოდ, მეტ პრობლემას შექმნის, ვიდრე გადაჭრის“, – აღნიშნულია „რადიო თავისუფლების“ მასალაში.

