უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟენევაში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების დროს მიღწეულია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის შესახებ, რომელშიც მონაწილეობას აშშ-ი მიიღებს.
„რაც შეეხება მოლაპარაკებების შინაარსს. თქვენ იცით, ორი მიმართულებაა: სამხედრო და პოლიტიკური. მინდა ვთქვა, რომ სამხედრო მიმართულებით სამივე მხარე კონსტრუქციული იყო. სამხედროებს ესმით, როგორ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების მონიტორინგი, თუ იქნება პოლიტიკური ნება. მოლაპარაკებებზე პრინციპში თითქმის ყველაფერზე შეთანხმდნენ. მონიტორინგი აუცილებლად იქნება ამერიკული მხარის მონაწილეობით. ეს კონსტრუქციული სიგნალია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მონიტორინგის ყველა სხვა ტექნიკურ დეტალს უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი ჟენევიდან დაბრუნების შემდეგ წარადგენს.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხედრო მიმართულებისგან განსხვავებით, პოლიტიკურ საკითხებზე მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა კვლავ რჩება.
„პოლიტიკურ ნაწილს რაც შეეხება, ეს მგრძნობიარე საკითხებია, რომლებიც თქვენთვის ცნობილია. ვხედავთ, რომ გარკვეული სამუშაო გაკეთდა, თუმცა პოზიციები განსხვავებულია, რადგან მოლაპარაკებები რთული იყო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, მოლაპარაკებების ყველა დეტალს უკრაინული დელეგაცია მას მოგვიანებით წარუდგენს.
„პოლიტიკურ ნაწილში დიალოგი იყო, შევთანხმდით გაგრძელებაზე, მაგრამ ისეთი პროგრესი, როგორიც სამხედრო ნაწილშია, იქ არ მომისმენია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

