ახალი ამბები

რატომ შეცვალა მთავრობამ გადაწყვეტილება უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვასთან დაკავშირებით?

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვაზე უარის თქმა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე არასწორი იქნებოდა.

უმაღლესი განათლების რეფორმის დაანონსების შემდეგ, 2025 წლის დეკემბერში განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები მომავალი სასწავლო წლიდან უცხოელ სტუდენტებს ვეღარ მიიღებდნენ. ამ გადაწყვეტილების მიზანი კი სახელმწიფო უნივერსიტეტების „სახელმწიფო ინტერესებზე“ მაქსიმალური ორიენტაციით და საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფით განმარტა. შეზღუდვა კერძო უნივერსიტეტებს არ უნდა შეეხებოდათ.

12 თებერვალს მთავრობის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძის კომენტარი გაავრცელა, საიდანაც გაირკვა, რომ მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება ფაქტობრივად ერთ თვეში შეცვალა.

დღეს, პარლამენტში მიგრაციის საკითხებზე ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკაში უცხოელი სტუდენტების წვლილი კიდევ ერთხელ აღნიშნა და განმარტა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების სწავლის საკითხის გადახედვის საჭიროება არ დგას და არც მიზანშეწონილია.

„რაც შეეხება იმას, თუ როგორია საქართველოში მცხოვრები უცხოელების თანაფარდობა საქართველოში ყოფნის საფუძვლის და საქმიანობის მიხედვით – სასწავლო ბინადრობის ნებართვით საქართველოში სარგებლობს 35 000 სტუდენტი. დამატებით 2000 სტუდენტი იმყოფება სხვა საფუძვლით, სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვით საქართველოში. 37 000 სტუდენტიდან 35 040-ს აქვს მინიჭებული სასწავლო ბინადრობის ნებართვა. სასწავლო ბინადრობის ნებართვის წილი საერთო მაჩვენებელში 32,65%-ია.

რაც შეეხება უშუალოდ განათლების სფეროს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უცხოელი სტუდენტების ყოფნა საქართველოში, მინდა გაგიზიაროთ ეკონომიკური მონაცემები – ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში არის 1,2 მლრდ ლარი. შესაბამისად, მხოლოდ ამის შედეგად ჩვენს ბიუჯეტში ყოველწლიურად შემოდის 300 მლნ ლარი, მხოლოდ უცხოელი სტუდენტების ყოფნის შედეგად, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება, ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. თქვენ გახსოვთ, რომ კონკრეტული სუბიექტები, მაგალითად USAID-ი წელიწადში 100 მლრდ დოლარს გვამადლიდა, რომელიც სინამდვილეში საერთოდ არ ხმარდებოდა ქვეყნის განვითარებას, მით უმეტეს, არც ბიუჯეტში შემოდიოდა. მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის მხოლოდ ბიუჯეტში 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოში შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აქ გადახედვის არც საჭიროება და არც მიზანშეწონილობაა“, – განაცხადა კობახიძემ.

იტვირთბა....