ჟენევაში მიმდინარე სამმხრივ მოლაპარაკებებზე მხარეებმა პოლიტიკური და სამხედრო საკითხები, უსაფრთხოების პარამეტრები და პოტენციური გადაწყვეტილებების განხორციელების მექანიზმები განიხილეს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა რუსეთ-უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ზოგიერთი საკითხი დაზუსტებულია, ზოგი კი დამატებით კოორდინაციას საჭიროებს.
„ჩვენ პროცესის დასასრულებლად აუცილებელ ძირითად დებულებებზე მუშაობაზე ვამახვილებთ ყურადღებას. პროგრესი არის, თუმცა ამ ეტაპზე დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს საჭირო დონის კონსენსუსის მიღწევა, რათა შემუშავებული გადაწყვეტილებები პრეზიდენტებს განსახილველად წარედგინოს“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა.
ამასთან, უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა მოლაპარაკებებს ინტენსიური და შინაარსიანი უწოდა.
„დისკუსიები ინტენსიური და შინაარსიანი იყო. ჩვენ მადლიერები ვართ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, რომლებიც უზრუნველყოფენ პროცესის შეუფერხებლად გაგრძელებას და შვეიცარიული მხარის, რომელმაც გვიმასპინძლა“, – აღნიშნა უმეროვმა.

