აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართვა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს უწყობს ხელს” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, რომელიც 2026-2030 წლებში შეერთებული შტატების ხედვას განსაზღვრავს, საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართვა მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როდესაც ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს უწყობს ხელს.

„საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული ერების ინტერესების წინსვლისთვის არსებობენ. ისინი არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს ან მორალური, პოლიტიკური, იურიდიული ავტორიტეტის დამოუკიდებელ წყაროებს. ისინი შორდებიან თავიანთ ნამდვილ მიზანს, როდესაც ქმნიან საკუთარ ამომრჩეველთა ჯგუფებს და ცდილობენ, წინ წაწიონ დღის წესრიგი, რომლის დამტკიცება ან უარყოფა არცერთ მოქალაქეს არ შეუძლია“, – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტის მიხედვით, აშშ-ის ყურადღება ქვეყნის გავლენის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული, ასევე რეფორმების განხორციელებაზე იმ ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობაც გავლენას ახდენს ამერიკის შეერთებული შტატების კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე.

„ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკული გავლენის გაზრდასა და იმ ორგანიზაციებში რეფორმების განხორციელებაზე, რომელთა საქმიანობაც გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე, განსაკუთრებით სტანდარტების დამდგენი ორგანოების საქმიანობაზე. ამავდროულად, რეალურ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ მათ, ვინც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს. ამერიკის მოწინააღმდეგეები საერთაშორისო ორგანიზაციებს იყენებენ გლობალური წესრიგის ძირის გამოთხრისა და შესაცვლელად ან ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოყენებული დაფინანსების მოსაპოვებლად. ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის ლიდერობას, რათა სასარგებლო ორგანოები დაუბრუნდეს მათ თავდაპირველ დანიშნულებას, ანუ შევქმნათ კოალიციები, რომლებიც ნათლად და კონკრეტულად ემსახურება ჩვენი ეროვნული ინტერესების წინსვლას“, – წერია დოკუმენტში.

იტვირთბა....