რუსეთი ცდილობს, გააჭიანუროს მოლაპარაკებები, რომელიც უკვე საბოლოო ეტაპზე უნდა ყოფილიყო მისული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, სამშვიდობო პროცესში ევროპის მონაწილეობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ევროპის მონაწილეობას პროცესში კრიტიკულად აუცილებლად მივიჩნევთ სრულიად შესაძლო შეთანხმებების შემდგომი წარმატებული განხორციელებისთვის. უკრაინას ეჭვი არ ეპარება, რომ მის პარტნიორებს შეუძლიათ უზრუნველყონ კონსტრუქციული მოლაპარაკებების პროცესი და, შესაბამისად, ღირსეული შედეგი. გუშინ საკმაოდ რთული შეხვედრები იყო და შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ რუსეთი ცდილობს, გააჭიანუროს მოლაპარაკებები, რომლებიც შეიძლებოდა, უკვე ფინალურ ეტაპზე ყოფილიყო მისული“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს დეტალებისადმი ყურადღებისა და „რუსეთის არსებულ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში გამოჩენილი მოთმინებისთვის“.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის, უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე განსახილველი საკითხები ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ უკრაინის დელეგაციას მკაფიო დავალება მისცა.
„ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული იყოს და მშვიდობიანი გადაწყვეტილებების მიღების შანსები გაიზარდოს. სხვა საკითხებთან ერთად, დღეს უნდა განიხილონ ჰუმანიტარული მიმართულება, კერძოდ, სამხედრო ტყვეების გაცვლისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლების ნაბიჯები. მადლობელი ვარ ჩვენი წარმომადგენლების გუნდური მუშაობისა და დელეგაციისთვის მიცემული დირექტივების შესრულებისთვის. უკრაინას სჭირდება გარანტირებული უსაფრთხოება და საიმედო, ხანგრძლივი მშვიდობა. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ“, – აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა სამმხრივი მოლაპარაკებების პირველ დღეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები გაიმართა: როგორც ორმხრივი – უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის – ასევე მრავალმხრივ ფორმატში.
„უკრაინის, ამერიკის და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ორ სფეროში გაიმართა, კერძოდ, სამხედრო და სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებზე. უკრაინის დელეგაცია, ამერიკულ გუნდთან ერთად, ასევე შეხვდა ევროპელ წარმომადგენლებს – დიდ ბრიტანეთიდან საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

