ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი, ევროზონის ფინანსური სტაბილურობის გარანტი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალია მსოფლიოში. თუმცა, Financial Times-ის ბოლო ცნობებით, მან შესაძლოა თავისი რვწლიანი მანდატი ბოლომდე არ მიიყვანოს. გავრცელებული ინფორმაციით, ლაგარდი გეგმავს პოსტიდან გადადგომას მანამ, სანამ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის უფლებამოსილების ვადა ამოიწურება.
როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯით მას სურს, ECB-ში ახალი თავმჯდომარის არჩევნები იქამდე ჩაინიშნოს, ვიდრე რადიკალური პოლიტიკური ფრთების წარმომადგენლები ევროპულ ქვეყნებში პოზიციებს გაიმყარებენ. შესაბამისად, 7-წლიანი ვადით პოსტზე კვლავ დაინიშნება ისეთი ადამიანი, რომელიც ევროზონაში ცენტრისტების პოლიტიკას გაატარებს და არ დაუშვებს ბანკში რადიკალიზმის ელემენტების შეშვებას. Financial Times-ის ცნობით, ლაგარდი გადადგომას საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გეგმავს, რაც ECB-ს წამყვან სახელმწიფოებს, გერმანიასა და საფრანგეთს ახალი, ცენტრისტი პრეზიდენტის დანიშვნის საშუალებას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ ლაგარდის მმართველობის პერიოდში ევროზონა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, ინფლაცია 1.7%-მდე შემცირდა, ხოლო ეკონომიკური ზრდის ტემპი დაახლოებით 1.1%-ზე დაფიქსირდა. პოტენციურ კანდიდატებს შორის უკვე სახელდებიან კლაას კნოტი, იოახიმ ნაგელი და პაბლო ერნანდეს დე კოსი, რაც ევროპელი ცენტრისტების მიერ ინსტიტუციური სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ ლაგარდის გადაწყვეტილება დროში ემთხვევა საფრანგეთის ბანკის მმართველის გადადგომას, რაც ანალიტიკოსებს უჩენს განცდას, რომ 2027 წლის რთულ საარჩევნო ციკლამდე ევროპული ცენტრისტული ელიტა საკვანძო პოზიციებზე კონტროლის გამყარებას კოორდინირებულად ცდილობს.
რაც შეეხება თავად ECB-ს, ეს არის ევროკავშირი წევრი 20 ქვეყნის მთავარი მონეტარული ორგანო, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობა ინფლაციის მართვის გზით ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა. მისი წევრი სახელმწიფოები საერთო ვალუტას, ევროს იყენებენ და ქმნიან ევროზონას. ბანკი მიზნად ისახავს, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის 2%-იან ნიშნულზე შენარჩუნებას, რაც ხელს უწყობს ვალუტის მსყიდველობითი უნარის სტაბილურობის შენარჩუნებას. ECB ადგენს ძირითად საპროცენტო განაკვეთებს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სესხებისა და დანაზოგების ღირებულებაზე, და ასევე გასცემს ბანკნოტების ბეჭდვის ნებართვებს. ვალუტის მართვის გარდა, ის ზედამხედველობას უწევს მსხვილ ევროპულ ბანკებს, რათა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის უსაფრთხოება, სტაბილურობა და მდგრადობა ეკონომიკური შოკების მიმართ

