ახალი ამბები

ეთნოლოგები და ანთროპოლოგები ილიაუნის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებენ

საქართველოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ეთნოლოგები და ანთროპოლოგები წერილს ავრელებენ, რომლითაც ილიაუნის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულებას უჭერენ მხარს.

მათი განცხადებით, ივანიშვილის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო უნივერსიტეტების კვოტებთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც საფრთხის ქვეშ დგას ილიას  სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა, სცდება მხოლოდ ერთი სასწავლებლის ადმინისტრაციულ საკითხს და ეხება აკადემიური თავისუფლების და ქვეყნის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განვითარების მთავარ პრინციპებს. 

ეთნოლოგები და ანთროპოლოგები მიიჩნევენ, რომ გარდა ზემოთაღნიშნულისა, ამ გადაწყვეტილებით ასევე ირღვევა ინდივიდის უფლება, მიიღოს ხარისხიანი განათლება და პიროვნულად განვითარდეს. 

“განათლების მინისტრის ბოლო განკარგულებით, რომლის მიხედვითაც ილიას უნივერსიტეტისთვის სტუდენტთა მიღების კვოტა დაახლოებით 4000 სტუდენტიდან 300-მდე შემცირდა და ისიც მხოლოდ პედაგოგიურ და საერთაშორისო აკრედიტაციის პროგრამებზე, სხვა მიმართულებებთან ერთად საფრთხის ქვეშ დადგა უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და დინამიკურად განვითარებადი მიმართულება – სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამა.

სოციალურ და კულტურულ ანთროპოლოგიას საქართველოში განვითარების საკუთარი გზა აქვს. დარგის ისტორია არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური ზრდით, არამედ მოიცავს რეპრესიულ გამოცდილებასაც. ამ მიმართულებას საბჭოთა აკადემიური გადაწყვეტილების კვალდაკვალ საქართველოში ეთნოგრაფია ეწოდა, პოსტსაბჭოთა პერიოდში კი ეთნოლოგიად გადაკეთდა.

სხვადასხვა ეტაპზე დარგი იდეოლოგიური წნეხის, ინსტიტუციური შეზღუდვებისა და აკადემიური მარგინალიზაციის წინაშე იდგა. ამის მიუხედავად დღეს ეს მიმართულება საქართველოში ვითარდება. განვითარების ერთ-ერთ კერას კი დღემდე ილიას უნივერსიტეტი წამოადგენდა. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ დღეს ე.წ. “რეფორმის” ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკულად აჩერებს ამ მიმართულების ფუნქციონირებასა და განვითარებას, აღიქმება როგორც დარგის კიდევ ერთხელ დასჯა და ინსტიტუციური დასუსტება.

ილიას უნივერსიტეტში მიმდინარე კვლევები სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სფეროში გამოირჩევა თემატური მრავალფეროვნებით, მეთოდოლოგიური სიღრმით და დისკუსიაში შედის თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებებთან. პროგრამას ჰყავს საერთაშორისო ექსპერტთა საბჭო ევროპისა და აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტებიდან.

საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამაში ჩართული დოქტორანტების თანახელმძღვანელობას და ერთობლივი კვლევითი პროექტების, სემინარებისა და კოლოკვიუმების განხორციელებას. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მსგავსი მასშტაბისა და ხარისხის სადოქტორო პროგრამა ამ ეტაპზე სხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში არ ფუნქციონირებს. აღნიშნული სადოქტორო პროგრამა აერთიანებს მაღალი აკადემიური დონის პროფესურასა და დოქტორანტებს, რომლებიც იკვლევენ თანამედროვე სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და პოსტსოციალისტური ტრანსფორმაციების პროცესებს, მეხსიერების, იდენტობის, კონფლიქტისა და უთანასწორობის საკითხებს.

პროფესორები და სტუდენტები მონაწილეობენ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონფერენციებში, აქვეყნებენ კვლევებს მსოფლიოს მოწინავე სამეცნიერო ჟურნალებში და საკუთარი წვლილი შეაქვთ ანთროპოლოგიური ცოდნის გაძლიერებასა და განვითარებაში.

ილიას უნივერსიტეტმა სოციალური ანთროპოლოგიის განვითარებისათვის წამოიწყო ამბიციური აკადემიური და კვლევითი პროექტები, პროგრამაში ჩართო საერთაშორისო დონის ექსპერტები და შექმნა პლატფორმა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გლობალურ აკადემიურ სივრცეში საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა ინტეგრაციის პროცესში.

ამასთან, მიმდინარე პერიოდში დასრულდა მუშაობა ანთროპოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზეც, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევართა ახალი თაობის მომზადებასა და დარგის ინსტიტუციურ გაძლიერებას. ჩვენ, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების ეთნოლოგები და ანთროპოლოგები, ამ მიმართულების კურსდამთავრებულები, მხარს ვუჭერთ ილიას უნივერსიტეტის სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებას და მოვითხოვთ მიეცეთ შესაძლებლობა, შეუფერხებლად განაგრძონ თავიანთი კვლევითი და სასწავლო საქმიანობა.

მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულების პროფესორები და მათ მიერ შექმნილი პროგრამები ნებისმიერ წამყვან ევროპულ უნივერსიტეტს დაამშვენებდა. მათი არსებობა დასტურია იმისა, რომ საქართველოში ფუნქციონირებ მაღალი აკადემიური ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული სოციალური მეცნიერების ცენტრი.

ამავდროულად, არღვევს ინდივიდის უფლებას, მიიღოს ხარისხიანი განათლება და პიროვნულად განვითარდეს. სოციალური ანთროპოლოგიის/ეთნოლოგიის მიმართულების შენარჩუნება და განვითარება უმნიშვნელოვანესია როგორც აკადემიური სფეროსთვის, ისე – მთელი საზოგადოებისათვის.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადაიხედოს განათლების სამინისტროს და მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება და უზრუნველყოფილ იქნას სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის მიმართულების უწყვეტი ფუნქციონირება და განვითარება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.” – წერია გავრცელებულ მიმართვაში.

იტვირთბა....