აქტუალური თემა ახალი ამბები

სლოვაკური მედიის ცნობით, რობერტ ფიცომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ ახალი წინადადება წარადგინა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლის გამკაცრების შესახებ ახალი წინადადება წარადგინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პირველი კანონპროექტი სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივად დაბლოკა. ამის შესახებ სლოვაკური მედია წერს.

გასულ კვირას სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები ჩააგდო, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებდა და რომელსაც კრიტიკოსები „რუსულ კანონს“ უწოდებდნენ. თუმცა პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ახლა ალტერნატიული წინადადებით გამოვიდა, რომელიც ასევე მიზნად ისახავს არასამთავრობოების კონტროლის გაძლიერებას.

როგორც სლოვაკური მედია წერს, „ფიცომ აღიარა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მისთვის სასურველი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება თითქმის შეუძლებელი გახადა“. მან რეკომენდაცია გასცა, „გამოყენებულ იქნეს სამართლებრივი კონტროლის ყველა არსებული ინსტრუმენტი, ჩატარდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ინსპექტირება, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მათ საქმიანობას, დაფინანსებასა და მართვის სამართლებრივი მოთხოვნების დაცვას, განსაკუთრებით, ბიუჯეტური სახსრების მოზიდვასა და გამოყენებას“.

ამასთან, როგორც მედია შენიშნავს, ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ სლოვაკეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება წამოიწყო მთავრობის მიერ ინფორმატორთა დაცვის ბიუროს ლიკვიდაციის გამო.

იტვირთბა....