საფრანგეთმა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ტანკერი “გრინჩი” რამდენიმე მილიონი ევროს ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა – განცხადება ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან ნოელ ბარომ გააკეთა.
„ტანკერი „გრინჩი“ საფრანგეთის ტერიტორიულ წყლებს ტოვებს რამდენიმე მილიონი ევროს გადახდისა და ფო-სიურ-მერში სამკვირიანი იმობილიზაციის შემდეგ, რომელიც ძვირი დაუჯდა. ევროპის სანქციებისგან თავის არიდება თავის ფასს მოითხოვს. რუსეთი ვეღარ შეძლებს თავისი ომის დაუსჯელად დაფინანსებას ჩვენს სანაპიროებთან ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით“ – თქვა ბარომ
საფრანგეთმა 22 იანვარს ხმელთაშუა ზღვაში კომორის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი დააკავა, რომელიც, რუსეთიდან გავიდა და, სავარაუდოდ, რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტანკერი, სახელად „გრინჩი“, საერთაშორისო სანქციების ქვეშ იმყოფებოდა და არსებობდა ეჭვი, რომ ის ყალბი დროშის ქვეშ ცურავდა

