ფრაქცია „საქართველოსთვის“ პარლამენტს „ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტს წარუდგენს, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრის პერიოდში საპროტესტო აქციების დროს დაპატიმრებულ მოქალაქეების პატიმრობიდან გათავისუფლებას შეეხება.
პროექტში ასევე ასახული იქნება აქციების დროს დაჯარიმებული პირების ფულადი ჯარიმებისაგან გათავისუფლების საკითხი.
„ამნისტიის შესახებ“ პროექტზე ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი იქნება.
კერესელიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მისულ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა, რომ მხოლოდ აღნიშნული საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში ექნება დეპოლარიზაციასა და ქვეყნის დამშვიდებაზე საუბრის უფლება.
„თქვენ უარს ეუბნებით ქართველ ხალხს იყოს იმ ოჯახის წევრი, სადაც მოხუცს აფთიაქში წამლის შეძენის არ შეეშინდება, სადაც თავისუფალ ადამიანს ტროტუარზე დგომის და განსხვავებული აზრის გამო არ დააპატიმრებენ, სადაც დროებით დანიშნული ჩინოვნიკები ვერ შეუშლიან ქართველ ახალგაზრდებს საკუთარ ქვეყანაში მიიღონ ღირსეული განათლება, სადაც გაჭირვებული ადამიანები, სიდუხჭირისგან თავის დაღწევის გამო სამშობლოს დატოვებაზე და ემიგრაციაში წასვლაზე არ იფიქრებენ, სადაც კორუფციით ნაშოვნ ფულს ყველა კორუმპირებულს უკან მოატანინებენ.
თქვენ არ ხართ ქართველი ხალხის რჩეული პრეზიდენტი, მაგრამ თქვენ ივანიშვილის პირადი პრეზიდენტი ბრძანდებით, რაც თქვენ პირველივე გამოსვლაში დაადასტურეთ, როდესაც პირველივე სიტყვით მადლობა არა ქართველ ხალხს და საკუთარ სამშობლოს, არამედ ბიძინა ივანიშვილს გადაუხადეთ.
თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ საპროტესტო აქციებზე ქალების და ბავშვების დამსახიჩრებელი, წინა ხელისუფლების დროინდელი, სანქცირებული „ხარება“ და მისი რაზმი ღირსების ორდენით დააჯილდოვეთ.
თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, რომ უსამართლოდ დატყვევებული სტუდენტები სახლში გაგეშვათ, რაც ვერ გააკეთეთ. მშვიდობაზე და დეპოლარიზაციაზე საუბრობთ, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი ვერ გადადგით და ეს ჰუმანური აქტიც პოლიტიზებულ ინსტრუმენტად აქციეთ.
გამკაცრებული კანონებით კი ნუ ცდილობთ, რომ აღიარება მოიპოვოთ – თუ გინდათ, რომ ხელისუფალი გერქვათ, ჰუმანური ნაბიჯები გადადგით“, – მიმართა მიხეილ ყაველაშვილსა და “ქართული ოცნების“ უმრავლესობას შალვა კერესელიძემ.

