აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„გარდიანის“ ცნობით, ბრიტანული ბანკები Visa-სა და Mastercard-ის ანალოგების შექმნას ჩქარობენ, რადგან ლონდონში ამერიკული გადახდის სისტემების შესაძლო გათიშვას შიშობებენ

„გარდიანის“ ცნობით, ბრიტანული ბანკების ხელმძღვანელები პირველ შეხვედრას გეგმავენ Visa-სა და Mastercard-ის ეროვნული ალტერნატივის შესაქმნელად.

როგორც მედია წერს, ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც იზრდება შეშფოთება, რომ აშშ-მა შესაძლოა, გათიშოს ამერიკული გადახდის სისტემები.

„გარდიანის“ ინფორმაციით, შეხვედრა, რომელსაც Barclays UK-ის აღმასრულებელი დირექტორი ვიმ მარუ უხელმძღვანელებს, 19 თებერვალს გაიმართება.

გამოცემა ასევე წერს, რომ ბრიტანეთის ეროვნული გადახდის სისტემის შექმნის ინიციატივა, რომელსაც ლონდონის ფინანსური სექტორის ინვესტორთა ჯგუფი აფინანსებს და მთავრობის მხარდაჭერაც აქვს, წლების განმავლობაში განიხილებოდა.

„გარდიანის“ ცნობით, დონალდ ტრამპის ბოლო მუქარებმა გააძლიერა შიში, რომ ამერიკულ კომპანიებზე გადაჭარბებულმა დამოკიდებულებამ შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას დიდ ბრიტანეთში გადახდებს და მთლიანად ეკონომიკას.

„Mastercard-ი და Visa თუ გაითიშება, ჩვენ 1950-იან წლებში დაგვაბრუნებს. რა თქმა უნდა, გვჭირდება სუვერენული გადახდის სისტემა“, – განაცხადა პროექტთან დაახლოებულმა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა.

„გარდიანის“ ინფორმაციით, ბრიტანეთის ახალი ეროვნული გადახდის სისტემა ექსპლუატაციაში სავარაუდოდ 2030 წლისთვის შევა.

Mastercard-ი და Visa თავადაც მონაწილეობენ ამ ინიციატივაში და ინვესტორთა ჯგუფში შედიან ისეთ ბანკებთან ერთად, როგორებიცაა Santander UK, NatWest, Nationwide, Lloyds Banking Group, ასევე ბანკომატების ქსელის ოპერატორი Link და სამშენებლო საზოგადოება Coventry. ინიციატივაზე საპასუხოდ ამერიკული საგადახდო სისტემების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრიტანული ბაზრის ერთგული რჩებიან და კონკურენციის გაჩენას მიესალმებიან.

ცნობისთვის, მანამდე „ფაინენშალ თაიმსმა“ დაწერა, რომ ევროპული გადახდების ინიციატივის ხელმძღვანელთა განცხადებით, ევროპას სასწრაფოდ სჭირდება Visa-სა და Mastercard-ის ალტერნატივა.

იტვირთბა....