საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, შეზღუდოს ქვეყნის შესაძლო მომავალი მემარჯვენე პრეზიდენტი, რისთვისაც აჩქარებს წამყვან თანამდებობებზე მოკავშირეების დანიშვნას.
ამის შესახებ „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
„მაკრონი შეშფოთებულია მოახლოებული საფრთხით და სურს, გაამყაროს საკუთარი რეპუტაცია. ყველაფერი მოწესრიგებული იქნება 2027 წლის მაისში საპრეზიდენტო არჩევნებამდე“, – აცხადებს ერთ-ერთი წყარო.
გამოცემა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ტიერი ბიურკარის შეცვლა, ისევე როგორც სხვა საკადრო გადაადგილებები, ნაწილობრივ მოტივირებულია იმით, რომ ამ თანამდებობაზე დაინიშნოს საკმარისად გავლენიანი ფიგურა, რომელიც შეძლებს, წინააღმდეგობა გაუწიოს მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ მხრიდან შესაძლო სადავო ინიციატივებს, მათ შორის საფრანგეთის პოტენციურ გასვლას ნატო-ს გაერთიანებული სარდლობიდან.
გამოცემის ცნობით, საკადრო ცვლილებები შეეხება ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს. უახლოეს თვეებში 60-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ვაშინგტონში, ლონდონში, ბერლინსა და კიევში, საფრანგეთის დიპლომატიური მისიებში ახალი ელჩების ჩასვლას ელოდებიან.
გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთში მიმდინარე საკადრო ცვლილებები არ უკავშირდება მაკრონის სურვილს, კარიერის დასასრულს ისტორიაში საკუთარი კვალი დატოვოს, არამედ მიზნად ისახავს ქვეყნის ინსტიტუტების დაცვას „ეროვნული გაერთიანების“ პოლიტიკით გამოწვეული შესაძლო შოკისგან.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, მემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი მარინ ლე პენი 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კანდიდატების რეიტინგში წამყვან პოზიციებს იკავებს და კონკურენციას უწევს თანაპარტიელ ჯორდან ბარდელას.

