შევდივართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ამ ოქროს ხანაში და არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიახლოვის გამო, არამედ იმ ურთიერთობის გამო, რომელიც თქვენ გაქვთ შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, – ასე მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ბუდაპეშტი გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ვფიქრობ, საიდუმლო არ არის და არც აქ უნდა იყოს ვინმესთვის საიდუმლო, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს პრეზიდენტს თქვენ მიმართ, როგორ ურთიერთობდა თქვენთან პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს და ახლა, პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს, ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდა“, – აღნიშნა რუბიომ.
მისი თქმით, დონალდ ტრამპს ვიქტორ ორბანის წარმატების მიმართ ერთგულია.
„შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ პრეზიდენტი ტრამპი თქვენი წარმატების მიმართ ღრმად ერთგულია. იმიტომ, რომ თქვენი წარმატება ჩვენი წარმატებაა. იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა, რომელიც ჩვენ აქ, ცენტრალურ ევროპაში, თქვენი მეშვეობით გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის მომავალ წლებში. თუ თქვენ ფინანსურ სირთულეებს აწყდებით, თუ ისეთ რამეს წააწყდებით, რაც ზრდისთვის ხელის შემშლელია, თუ ისეთ რამეებს წააწყდებით, რაც თქვენი ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის, ვიცი, რომ პრეზიდენტი ტრამპი ძალიან დაინტერესდება მასთან თქვენი ურთიერთობისა და იმ მნიშვნელობის გამო, რაც ამ ქვეყანას ჩვენთვის აქვს“, – აღნიშნა რუბიომ.
მას დაუსვეს შეკითხვა უნგრეთის ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, რაზეც უპასუხა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ იმოქმედონ საკუთარი ინდივიდუალური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინაც კი, თუ ეს ეწინააღმდეგება მოკავშირეების ინტერესებს.
„მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ ვთხოვთ, რომ ვინმესგან იზოლირება მოახდინოს. გვესმის, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანას უწევს საკუთარი გეოგრაფიის, ეკონომიკის, ისტორიისა და მომავლის გამოწვევების რეალობასთან გამკლავება. ცხადია, ჩვენ პარტნიორებსა და მეგობრებს გავუზიარებთ შეშფოთებას, რომელიც შეიძლება გვქონდეს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. გვაქვს ვაჭრობა და ურთიერთობები ჩინეთთან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აპრილში ჩინეთში გაემგზავრება. რატომ? იმიტომ, რომ ჩინეთი დიდი ქვეყანაა, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, მათ აქვთ ბირთვული იარაღი. სიგიჟეა, რომ შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს ერთმანეთთან ურთიერთობები არ ჰქონდეთ და არ იურთიერთონ. ორ ასეთ დიდ ქვეყანას გვაქვს თუ არა უთანხმოებები? ნამდვილად გვაქვს და ეს უთანხმოებები უნდა მოვაგვაროთ“, – აღნიშნა რუბიომ.
შეგახსენებთ, მარკო რუბიო უნგრეთში გუშინ საღამოს სლოვაკეთიდან ჩავიდა

