აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პენტაგონი ირანში ერთკვირიანი ომის გეგმას ადგენს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი, იგივე პენტაგონი ირანში პოტენციური, ერთკვირიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. არსებული ინფორმაციით, თავდაცვის ძალები აქტიურად განიხილავენ სცენარებს, თუ როგორ, რა ფორმითა და შეიარაღებით განახორციელებენ იმ დარტყმებს, რასაც პრეზიდენტი ტრამპი მათ უბრძანებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ეს მზადება მკვეთრად განსხვავდება ისრაელ-ირანის ომის დროს დაგეგმილი სპეცოპერაციისაგან, როცა შტატებმა ირანის ბირთვული პროგრამის 3 ობიექტი B2 Spirit-ით დაბომბა და მხოლოდ ამით შემოიფარგლა.

როგორც უცხოურ მედიას არმიის ორი მაღალჩინოსანი უდასტურებს, მიმდინარეობს დაგეგმვის მასშტაბური ოპერაცია, რომლის ფარგლებშიც ამერიკა მიზანში ამოიღებს არაერთ სახელმწიფო ნაგებობას, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას, ასევე ბირთვულ ობიექტებს, რათა ომის შემთხვევაში რეჟიმის პოზიციები მკვეთრად შეასუსტოს. ერთკვირიანი ხანგრძლივობის სამხედრო ოპერაციის განხორციელებაში განსაკუთრებული როლი უნდა ითამაშონ იმ ორმა ავიამზიდმა, რომელთაგან ერთი, USS Abraham Lincoln-იც უკვე სპარსეთის ზღვაშია, მეორე – USS Gerald R. Ford-ი კი რეგიონისკენ უკვე მიცურავს. ამ მოცემულობით, უახლოეს კვირებში ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური სამხედრო კონცენტრაცია ექნება – 2 უმძლავრესი ავიამზიდით, მათზე მყოფი 10,000 სამხედროთი, ასობით F-22 და F-35 ბომბდამშენებით, გამანადგურებელი საზღვაო ხომალდებითა და ბირთვული იარაღის აღჭურვილი წყალქვეშა ნავებით. აღსანიშნავია, რომ რეგიონში აშშ-ს ამჟამად ცალკეულად 30,000-40,000 ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული, ამასთან, ბაზებს ფლობს თითქმის ყველა არაბულ ქვეყანაში, მათ შორის, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

სავარაუდოა, რომ კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში შტატები გამოიყენებს B2 Spirit-ებსაც, რომელთათვისაც ახლო აღმოსავლეთში ყოფნა აუცილებელი არ არის. შეგახსენებთ, ამჟამად აშშ-სა და ირანს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოფიციალურ ვაშინგტონს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს, მათ შორის თეირანის მიერ ბირთვული პროგრამის სრულად შეჩერება, სარაკეტო არსენალის მკვეთრი შემცირება და რეგიონული მოკავშირე ტერორისტული ორგანიზაციების დახმარების შეწყვეტა. ტრამპმა უკვე არაერთხელ თქვა, რომ თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აშშ მიზნებს სამხედრო გზით მიაღწევს, თუმცა საპასუხო ზომებით იმუქრება ირანიც, რომლის ხელისუფლებამაც გამოაცხადა, რომ ნებისმიერი აგრესია ჩაითვლება ომის გამოცხადებად და გამოიწვევს რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ბაზებზე შეტევას, ასევე ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყებას.

იტვირთბა....