რუსეთი აძლიერებს თავის სტრატეგიულ აქტივებს არქტიკაში და აშენებს ახალ ობიექტებს ფინეთთან საზღვარზე ,– ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა განაცხადა.
ფინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს კოლის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი სტრატეგიული შესაძლებლობები აქვს ბირთვული იარაღის, წყალქვეშა ნავების და შორი მოქმედების ბომბდამშენების სახით.
„ისინი ჩვენი საზღვრის გასწვრივ ახალ სამხედრო ობიექტებს აშენებენ, ისევე როგორც ცივი ომის დროს. გონივრული იქნებოდა არქტიკაზე დაკვირვება და არქტიკული შესაძლებლობების განვითარება შეკავების მიზნით“, – განაცხადა ანტი ჰაკანენმა.
ჰაკანენმა, რომლის ქვეყანაც ნატო-ში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ისტორიული გადაწყვეტილებით გაწევრიანდა, მიესალმა ნატო-ს განახლებულ თავდაცვის დაგეგმვას უკიდურეს ჩრდილოეთში, თუმცა აღნიშნა, რომ რეგიონის უსაფრთხოება პრიორიტეტად წლების წინ უნდა მიჩნეულიყო.
„გრძელვადიან პერსპექტივაში უკეთესი იქნება, თუ ევროპელებს ექნებათ ძლიერი შესაძლებლობები. თუმცა მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ გვჭირდება აშშ. ეს ევროპის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“.
მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა ასევე ვრცელდება ბირთვულ შესაძლებლობებზე.

