აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი ტექნოლოგიური კომპანიებისგან, როგორებიცაა Google-ი, Meta, Reddit-ი და Discord-ი იმ პირთა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიწოდებას მოითხოვს, რომლებიც სოციალური ქსელებში ანონიმურობის დაცვით მოქმედებენ, ღიად აკრიტიკებენ აშშ-ის საიმიგრაციო სამსახურს ან საგანგებოდ შექმნილი აპლიკაციის საშუალებით თვალყურს ადევნებენ საიმიგრაციო სამსახურის ოფიცრების გადაადგილებას და ამ ინფორმაციას ასაჯაროებენ.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, უწყებას ასობით პირის შესახებ აქვს ინფორმაცია გამოთხოვილი და სურს, წვდომა მოიპოვოს პირთა ვინაობის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პირადი ინფორმაციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური კომპანიების ნებაზეა დამოკიდებული, გასცემენ თუ არა ამ ინფორმაციას. ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიებმა თავიანთ მომხმარებლებს აცნობეს, რომ მათზე ინფორმაციას ითხოვს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი. კომპანიებმა მომხმარებლებს 10-14-დღიანი ვადა მისცეს, სურვილის შემთხვევაში, ამ მოთხოვნის სასამართლოში გასასაჩივრებლად.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, მომხმარებელთა უფლებებს სამოქალაქო თავისუფლების ამერიკული კავშირი იცავს, რომლის ცნობით, ხელისუფლება მოქალაქეთა სიტყვის თავისუფლებას არღვევს. ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციის მიღება საიმიგრაციო აგენტების დასაცავად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ასეთი განაცხადი უწყებამ უკან გაიწვია მას შემდეგ, რაც ის სასამართლოში გაასაჩივრეს.

