უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი – გამოძიების თანახმად, 2021 წლის თებერვალში, ბრიტანეთის ანგილიას კუნძულზე, კრიმინალური დაჯგუფების წევრების ინიციატივით დარეგისტრირდა ფონდი, რომელიც დაახლოებით 100 მილიონი დოლარის „ინვესტიციების“ მოზიდვას ისახავდა მიზნად. რეალურად კი ფონდის საქმიანობა დიდი ოდენობის ფულის გათეთრებით იყო დაკავებული.
ფონდის „ინვესტორებს“ შორის კი იყო ყოფილი მინისტრის ოჯახიც. უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოების ცნობით, იმისთვის, რომ უკანონო საქმიანობაში ჰერმან გალუშჩენკო არ გამოჩენილიყო, მარშალის კუნძულებზე ორი კომპანია შეიქმნა, რომლის ბენეფიციარებიც მისი ყოფილი ცოლი და 4 შვილი იყვნენ.
„ამჟამად დადგინდა, რომ 7.4 მილიონ დოლარზე მეტი გადაირიცხა ფონდის ანგარიშებზე, რომლებსაც ეჭვმიტანილის ოჯახი მართავდა. კიდევ 1.3 მილიონზე მეტი შვეიცარიული ფრანკი და 2.4 მილიონი ევრო ნაღდი ფულით გაიცა და პირდაპირ შვეიცარიაში მყოფ ოჯახს გადაერიცხა“ – ნათქვამია ანგარიშში.
გამოძიების ცნობით, ამ თანხების ნაწილი დაიხარჯა გალუშჩენკოს შვილების სწავლაში შვეიცარიის პრესტიჟულ სასწავლებელში, თანხის ნაწილი კი დეპოზიტზე ინახებოდა, რომელსაც მაღალჩინოსნის ოჯახი და ყოფილი ცოლი სურვილისამებრ განკარგავდა.
ჰერმან გალუშჩენკო უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქვეყნის დატოვების მცდელობისას, საზღვრის კვეთის დროს დააკავეს. ის მატარებლიდან ჩამოსვეს. . გალუშჩენკო ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას 2021 – 2025 წლებში იკავებდა. ენერგეტიკის სექტორში მასშტაბურ კორუფციულ გარიგებებს უკრაინის ანტიკორუფციული ორგანოები წელიწადნახევარია იძიებენ. გამოძიება ოპერაცია „მიდასის“ სახელითაა ცნობილი.

