აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ამაზრზენი სახე – იოჰან ვადეფული ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ინფორმაციაზე –

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის განცხადებით, კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დაუნდობლობის კიდევ ერთი დასტურია.

„ეს რეჟიმი ყველა საშუალებას იყენებს საკუთარი თავის გადასარჩენად. ჩვენ ვხედავთ უკრაინაში მიმდინარე ომს, რომელიც საერთაშორისო სამართალს არღვევს. ვხედავთ ადამიანების დაბომბვას. ახლა კი ვხედავთ, რომ პუტინის ერთ-ერთი უდიდესი ოპონენტი, როგორც ჩანს, მოკლეს“, – განაცხადა ვადეფულმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ეს არის საშინელი აქტი, რითაც კრემლმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი „ამაზრზენი სახე“.

ვადუფულმა ხაზი გაუსვა ნავალნის საქმეზე საჯაროდ საუბრის მნიშვნელობას.

„ჩვენ არ ვმალავთ რუსეთის, ამ რეჟიმის, პუტინის პასუხისმგებლობას. მჯერა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც მუდმივად მოგვიწოდებენ, რომ ვესაუბროთ პუტინს, გამოვავლინოთ ღიაობა, მივცეთ მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის შესაძლებლობა, რაზეც ის უარს ამბობს“, – აღნიშნა ვადეფულმა.

მისი თქმით, პუტინის ქმედებები ავლენს მისი რეჟიმის ნამდვილ ბუნებას და იმას, რაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

„მარტივად რომ ვთქვათ, საქმე ეხება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას და არა ევროპაში მშვიდობიანი ვითარების დამყარებას ან საერთაშორისო ლანდშაფტის სტაბილიზაციას“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ დასავლეთი ახლა ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს სანქციების აღსასრულებლად, რათა რუსეთს აჩვენოს, სად არის მისი საზღვრები.

შეგახსენებთ, გაერთიანებულმა სამეფომ, საფრანგეთმა, გერმანიამ, შვედეთმა და ნიდერლანდებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთმა ალექსეი ნავალნი სამხრეთამერიკული ბაყაყის შხამით მოწამლა.

იტვირთბა....