აშშ-სა და ირანს შორის ნებისმიერი შეთანხმება უნდა მოიცავდეს ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურის დემონტაჟს და არამხოლოდ გამდიდრების პროცესის შეჩერებას, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს თეთრ სახლში შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც უთხრა.
მისივე თქმით, არ მალავს, რომ ირანთან ნებისმიერი შეთანხმების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და თეირანს ტყუილში ადანაშაულებს.
„არ დაგიმალავთ, ირანთან ნებისმიერი შეთანხმების მიმართ სკეპტიციზმი გამოვთქვი, რადგან, გულწრფელად რომ ვთქვათ, ირანი ერთ რამეში სანდოა – ისინი იტყუებიან და თაღლითობენ. მაგრამ მე ვთქვი, თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, ის უნდა მოიცავდეს რამდენიმე კომპონენტს. რამდენიმე კომპონენტს, რომლებიც, ჩვენი აზრით, არა მხოლოდ ისრაელის, არამედ მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. გამდიდრების შესაძლებლობები არ უნდა არსებობდეს. თავად გამდიდრების პროცესი კი არ უნდა შეჩერდეს, არამედ უნდა დაიშალოს ის აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

