“უკრაინელების 90% არჩევნების ახლავე ჩატარების წინააღმდეგია” | აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკის თქმით, არჩევნების ჩასატარებლად ომის დასრულება, ან სულ მცირე ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო იმისთვის, რომ მოქალაქეების უსაფრთხოება იყოს დაცული:
„ამისთვის უსაფრთხოება გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, ანუ შესაძლოა არა ომის დასრულება, არამედ ცეცხლის შეწყვეტა ან უსაფრთხოების გარანტიები. ასეთ ვითარებაში კანონიც უნდა შეიცვალოს, იმედი მაქვს, ჩვენს პარლამენტს შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ საინტერესოა, რომ უკრაინელების 90% არჩევნების წინააღმდეგია“ | თქვა მან.
საომარ ვითარებაში უკრაინის კონსტიტუცია არჩევნების ჩატარებას არ ითვალისწინებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინაც დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ თუ ტრამპი პუტინთან ორ ან სამთვიან ზავზე შეთანხმდება, მაშინ უკრაინა არჩევნებს ჩაატარებს.

