ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროპის კრიტიკა ძალიან მოდური გახდა და უარყო აშშ-ის ადმინისტრაციის ბრალდებები ევროკავშირში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
კალასს სთხოვეს, შეეფასებინა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გამოსვლა მიუნხენში, სადაც მან ევროპელებს მოუწოდა, დაბრუნებოდნენ იმ ტრადიციებსა და ღირებულებებს, რომლებიც მათ აშშ-თან აკავშირებთ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოთქვა უკმაყოფილება ევროპის მიმართ მუდმივი კრიტიკის გამო და განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავაც რჩება ღირებულებების თვალსაზრისით სამაგალითოდ.
„ყოველთვის, როცა მესმის ეს კრიტიკა ევროპის მიმართ, რომელიც ახლა ძალიან მოდურია, ვფიქრობ იმაზე, რა არის ალტერნატივა და ვგულისხმობ ყველაფერ საუკეთესოსა და კარგს, რაც ევროპამ მოგვცა და რასაც ევროპა რეალურად წარმოადგენს. როცა მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ, ვხედავ, რომ ქვეყნები ჩვენზე აკეთებენ სწორებას, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ ღირებულებებს, რომლებიც დღესაც მაღალ დონეზეა. ამიტომ ძალიან მიჭირს ამ ბრალდებების დაჯერება“,- განაცხადა კალასმა.
მან ასევე თქვა, რომ „საინტერესოა“ აშშ-ის მხრიდან სიტყვის თავისუფლების კრიტიკის მოსმენა, თუ გავითვალისწინებთ ამ ქვეყნის ადგილს პრესის თავისუფლების მსოფლიო რეიტინგში.
„იცით, როცა ხარ ესტონეთიდან, იმ ქვეყნიდან, რომელიც პრესის თავისუფლების რეიტინგში მეორე ადგილზეა და ისმენ კრიტიკას პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით ქვეყნიდან, რომელიც ამ სიაში 58-ე ადგილზეა, ეს საინტერესოა“, – აღნიშნა კალასმა.
ამასთან, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ, ყველა უთანხმოების მიუხედავად, ევროპასა და აშშ-ს შეუძლიათ თანამშრომლობა.
ცნობისთვის, მიუნხენში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ შეიძლება „პირდაპირ და მკაცრად“ საუბრობდეს, თუმცა ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ აშშ „ღრმად არის შეშფოთებული“ საკუთარი და ევროპის მომავლით.

