რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ ერთ კვირაში 1 300-მდე თავდასხმის დრონი, 1 200-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი და 50 რაკეტა გაუშვეს – თითქმის ყველა ბალისტიკური, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, დღეს რუსებმა ოდესის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და სუმის ოლქებს დაარტყეს.
„ამ თავდასხმების მთავარი სამიზნე ენერგეტიკის სექტორია. რუსები განზრახ ახორციელებენ დარტყმებს ჩვენი ქვესადგურების და ენერგოსისტემის გასანადგურებლად. ჩვენი მეომრები რაკეტების მნიშვნელოვან ნაწილს აკავებენ, მაგრამ სამწუხაროდ, არა ყველას. სწორედ ამიტომ, სიცოცხლის დაცვაში პაუზები არ შეიძლება“, – წერს ზელენსკი.
მისი თქმით, მიუნხენში ლიდერებთან უკრაინისთვის ენერგეტიკული და სამხედრო დახმარების კონკრეტული პაკეტების 24 თებერვლამდე მიწოდებაზე შეთანხმდნენ.
„მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორების დახმარების მზაობისთვის და იმედი გვაქვს, რომ ყველა მიწოდება დროულად მოვა. უკრაინას ყოველდღიურად სჭირდება საჰაერო თავდაცვა, რათა რუსეთს ტერორის საშუალებით გავლენის განხორციელების ბერკეტები ჩამოართვას“, – წერს ზელენსკი.

