აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ისრაელის საჰაერო დარტყმებს ღაზაში, სულ მცირე, ცხრა ადამიანი ემსხვერპლა

ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პალესტინის სამოქალაქო თავდაცვისა და ჯანდაცვის წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას.

მათივე ცნობით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების კარვების ბანაკზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთმა დარტყმამ კი ღაზის სამხრეთით, ხან იუნისში ხუთი ადამიანი იმსხვერპლა.

„ბოლო საათებში ისრაელის თავდაცვის ძალებმა დარტყმები დაიწყეს „ჰამასის“ მიერ ბეით ჰანონის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აშკარა დარღვევის საპასუხოდ. ტერორისტები ყვითელი ხაზის აღმოსავლეთით მდებარე გვირაბიდან გამოვიდნენ. ყვითელი ხაზის გადაკვეთა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარების სიახლოვეს, შეიარაღებული სახით, ცეცხლის შეწყვეტის აშკარა დარღვევაა და აჩვენებს, როგორ არღვევს „ჰამასი“ სისტემურად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარების დაზიანების განზრახვით“, – განაცხადა ისრაელის სამხედრო წარმომადგენელმა.

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ისრაელის იერიშებს, სულ მცირე, 600 პალესტინელი ემსხვერპლა. ისრაელში აცხადებენ, რომ იმავე პერიოდში ღაზაში მებრძოლებმა ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი მოკლეს.

იტვირთბა....