აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორებიცაა აფრიკაში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი კონფლიქტები, ასევე რეგიონული უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და დასავლეთ ნახევარსფეროში.
„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება ვენესუელაში სტაბილურობის ხელშეწყობისა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ. სახელმწიფო მდივანმა რუბიომ და მისმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს დიდი შვიდეულის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გლობალური საფრთხეების მოსაგვარებლად“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ამასთან, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მარკო რუბიო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე მას ფრონტზე არსებული ვითარების, რუსეთის დარტყმების და უკრაინის ენერგოსისტემაზე თავდასხმების გავლენის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„განვიხილეთ, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას ზამთრის სიცივის დროს სიცოცხლის დაცვაში და ჩვენი მდგრადობის გაძლიერებაში. ასევე, დეტალურად განვიხილეთ დიპლომატიური პროცესი და სამმხრივი შეხვედრები. უმნიშვნელოვანესია, რომ ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები პროდუქტიული იყოს და მადლობას ვუხდი შეერთებულ შტატებს კონსტრუქციული მიდგომისთვის. მადლობელი ვარ შეერთებული შტატების და ყველა ამერიკელის უკრაინისთვის გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

