აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

გერმანული თავდაცვითი კონცერნის, Rheinmetall-ის ტოპ-მენეჯერი შენა ბრიცენი – ომის შემთხვევაში ევროპას საწვავის მარაგი მხოლოდ სამი თვე ეყოფა, ევროპამ უნდა შექმნას თვითკმარი „ენერგეტიკული კუნძულების“ ქსელი

ომის შემთხვევაში ევროპას საწვავის მარაგი მხოლოდ სამი თვე ეყოფა, – ამის შესახებ ntv-სთვის მიცემულ ინტერვიუში გერმანული თავდაცვითი კონცერნის, Rheinmetall-ის ტოპ-მენეჯერმა, შენა ბრიცენმა განაცხადა.

მისი თქმით, საწვავი ევროპის თავდაცვითუნარიანობის ქვაკუთხედია და ამავე დროს მისი სუსტი წერტილი.

ბრიცენი Rheinmetall-ში „მწვანე ენერგეტიკის“ მიმართულებით პროექტებს ხელმძღვანელობს და მიიჩნევს, რომ ევროპამ უნდა შექმნას თვითკმარი „ენერგეტიკული კუნძულების“ ქსელი, რათა შესაძლო სამხედრო კონფლიქტების დროს ლოგისტიკურ პრობლემებს არ შეეჯახოს.

„საწვავის გარეშე არაფერი მუშაობს. ომის შემთხვევაში ტანკების, გამანადგურებლების, სატვირთო მანქანებისა და საველე ჰოსპიტლებს საწვავის მარაგი რამდენიმე კვირაში ამოეწურებათ“, – განაცხადა ბრიცენმა.

მისი თქმით, ბენზინის ალტერნატივად უნდა იქცეს ელექტროფიცირებული კომპლექსები, რომლებიც წყალბადს აწარმოებენ და ქარისა და მზის ენერგიაზე მუშაობენ.

ამავე დროს, Rheinmetall-ის მენეჯერი აღიარებს ასეთი გეგმების განხორციელების სირთულეებსაც.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტრანსპორტის სხვა ტიპის საწვავზე გადაყვანაა, რაც ტექნიკის კონსტრუქციასა და ტექნიკური პარამეტრების შეცვლას მოითხოვს. მაგალითად, დიზელზე მომუშავე „Leopard 2“-ის ტანკი 70 ტონას იწონის, თუმცა წყალბადის ძრავის შემთხვევაში მისი წონა უკვე 105 ტონა იქნებოდა.

გარდა ამისა, როგორც ბრიცენი აღნიშნავს, ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ენერგიის ტრანსპორტირება და შენახვა რთულია.

ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ ევროპა არ დაეყრდნოს ამერიკულ გათხევადებულ  ბუნებრივ აირს, რომელმაც რუსული საწვავი ჩაანაცვლა, რადგან ეს ევროკავშირს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ართმევს.

იტვირთბა....