მადლიერი ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან ტრანზიტს მას შემდეგ, რაც საქონელი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ჩადის – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
“აზერბაიჯანი ევროპასა და აზიას შორის მდებარეობა უპირატესობაა, მაგრამ ფიზიკური ინფრასტრუქტურის გარეშე ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ასე რომ, გასულ წელს აზერბაიჯანის გავლით რეკორდული რაოდენობის სატრანზიტო ერთეული გავიდა, 100,000-ზე მეტი. რამდენიმე წელიწადში კი ეს რიცხვი 200 000-მდე და 300 000-მდეც კი გაიზრდება. სომხეთთან მშვიდობის მიღწევის შემდეგ ვფიქრობთ ახალ შესაძლებლობებზე. დერეფანს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში და შემდეგ ევროპული დანიშნულების ადგილამდე მიდის, ასევე დიდი პოტენციალი აქვს ტვირთების მოცულობის თვალსაზრისით.
აზერბაიჯანი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინა, ინვესტირებას ახდენს რკინიგზის მშენებლობაში. ასაშენებელი და განახლებული რკინიგზის საერთო სიგრძე 600 კილომეტრია. როგორც კი ეს დასრულდება, ჩვენ გვექნება შუა დერეფნის ორი გაფართოება აზერბაიჯანში და ეს სასარგებლო იქნება დასავლეთისთვის, აღმოსავლეთისთვის და, რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყნებისთვის“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების გავლით მნიშვნელოვანი სატრანზიტო გადაზიდვები ხდება, რაც რეგიონს უფრო მეტად ურთიერთდამოკიდებულს და გაერთიანებულს გახდის.
„ჩვენ მოვხსენით აზერბაიჯანის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე ყველა შეზღუდვა. მადლიერი ვართ ჩვენი ქართველი მეგობრების, რომ უზრუნველყოფენ ძალიან მნიშვნელოვან ტრანზიტს მას შემდეგ, რაც საქონელი საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან სომხეთში ჩავა. ასევე დავიწყეთ ნავთობპროდუქტების მიწოდება სომხეთისთვის, რაც მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტია და ამით ფაქტობრივად დავიწყეთ ორმხრივი ვაჭრობა. დამაკავშირებელი პროექტები და დერეფნები კიდევ უფრო გაგვაერთიანებს, ურთიერთდამოკიდებულს გაგვხდის, შექმნის სრულიად ახალ სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი საბოლოოდ დაიწყებენ სამმხრივ საფუძველზე თანამშრომლობას“, – განაცხადა ალიევმა.

