უსაფრთხოების და პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი ანუარ ელ ანუნი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მთავრობის მიერ ინიციირებული ცვლილებები ხელისუფლების მხრიდან კიდევ ერთი ესკალაციაა ქვეყანაში სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცის შესაზღუდად. ეს მან ევროსკოპის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც ანუარ ელ ანუნიმ აღნიშნა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ ქართული ოცნების ინიცირებულ შემზღუდველ საკანონმდებლო ცვლილებებზე ევროკავშირის შეშფოთება ხელისუფლებას გააცნო.
მისივე თქმით, ეს კანონები თუ მიღებული იქნება, ის შეეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
“შემოთავაზებული ცვლილებები წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების მცდელობების კიდევ ერთ ესკალაციას, მკვეთრად შეზღუდოს ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე.
ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირის შეშფოთება პირდაპირ გააცნო საქართველოს ხელისუფლებას. თუ ეს ზომები მიღებული იქნება, ეს კიდევ უფრო ჩაახშობს ძირითად დემოკრატიულ თავისუფლებებს. ეს კანონმდებლობა შეეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს. რაც შეეხება ჩვენ, ევროკავშირს – ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ საქართველოს ხალხის გვერდში დგომას. საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას.
სანქციებთან დაკავშირებით ჩვენ ვართ თანმიმდევრულები ჩვენს რეაგირებაში და ყველა ვარიანტი კვლავ რჩება მაგიდაზე. ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები, შევაჩერეთ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ დახმარება და შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, ოფიციალური პირებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის”- თქვა ანუნიმ.

