თუ ამ ზომებს მიიღებენ, ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირის შეშფოთება პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებასთან წამოჭრა. თუ ამ ზომებს მიიღებენ, ეს კიდევ უფრო ჩაახშობს ძირითად დემოკრატიულ თავისუფლებებს. ეს კანონმდებლობა შეეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს. რაც შეგვეხება ჩვენ, ევროკავშირს, ყოველთვის გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. სანქციების თვალსაზრისით, ჩვენ თანმიმდევრულები ვართ რეაგირებაში და ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა. შევამცირეთ ჩვენი პოლიტიკური კონტაქტები, შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ დახმარების გაწევა და შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, თანამდებობის პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის“ – აღნიშნა პრესსპიკერმა.

