უკრაინის სახელმწიფომ რუსეთის პორტებიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით ტრანსპორტირებისთვის სანქციები დაუწესა 90-ზე მეტ გემს.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მიერ დღეს, 13 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შესაბამისი ბრძანების ხელმოწერით აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 91 გემისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
სანქციები მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა უკრაინის წყლებში შესვლისა და სავაჭრო ოპერაციების აკრძალვა, აქტივების დაბლოკვა და ა.შ.
კიევის თანახმად, რუსეთმა ევროკავშირის, „დიდი შვიდეულისა“ და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლით ეს გემები გამოიყენა ნოვოროსიისკის, უსტ-ლუგისა და პრიმორსკის პორტებიდან სხვა ქვეყნებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, რასაც ადასტურებს შავ, წითელ და ბალტიის ზღვებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები.

