უკრაინა ევროპის უსაფრთხოებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, – ამის შესახებ უკრაინის საგრეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
სიბიგას თქმით, კონფერენციაზე უკრაინაზე ფოკუსირება გამართლებული და გარდაუვალია.
„ჩვენ ახალ ეპოქაში შევედით. ევროპის უსაფრთხოების აუტსორსინგი დასრულდა. შიდა ძალების გაძლიერების დრო მოვიდა. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი გახდება. სწორედ ამიტომ არის სწორი, ამერიკული და გერმანული სახლების გვერდით უკრაინული სახლი გვქონდეს. ეს ასახავს უკრაინის გადამწყვეტ როლს კოლექტიურ უსაფრთხოებაში“, – განაცხადა სიბიგამ.
მისი თქმით, ევროპელებმა უნდა მიიღონ ახალი რეალობა, რომლის მიხედვითაც, ევროპული ქვეყნები აღარ უნდა იყვნენ ამერიკულ დაცვაზე დამოკიდებულები.
„დასრულდა ის დრო, როდესაც ევროპა გარე ძალებზე იყო დამოკიდებული. როგორც ვთქვი, აუტსორსინგი აღარ არის საჭირო. ჩვენ საკმარისი საკუთარი ძალა გვაქვს. ჩვენ უბრალოდ უნდა ვაღიაროთ ეს და უკრაინა ამ რეალური ევროპული ძალის მთავარი წყაროა“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

