“გიორგი გახარია სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირია, შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და ძებნაშია. შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული პირი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს” – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„გიორგი გახარია სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირია, რომელსაც შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა, ის ძებნაშია. სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება, აღმოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც შესაძლოა, სხვადასხვა ოფიციალური პირები იყვნენ. ევროკავშირის სივრცე სამწუხაროდ იქცა პოლიტიკური კრიმინალების თავშესაფრად. ის არა მხოლოდ თავს აფარებს ბერლინს, არამედ ფულსაც იღებს. როგორც ვიცით, დანიშნული აქვს სტიპენდია. სტიპენდიის დანიშვნა პოლიტიკოსების დაფინანსების ახალი ფორმაა.
ვიცით, რომ დავით კეზერაშვილიც თავს აფარებს ევროკავშირს. ზურაბ ადეიშვილს საერთოდაც ევროკომისიაში ხელს ართმევენ. ეს კიდევ ერთხელ იმ ღირებულებით უფსკრულს აჩვენებს, რომლიდანაც დღეს ევროკავშირი მაუწყებლობს. მაკა ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრია და არა შინაგან საქმეთა მინისტრი, ასე რომ მის დაკავებას იქ არ მოახდენს. ზოგადად, უფრო შავი იუმორის სფეროა, რომ ბრალდებული პირი უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა აღმოჩნდეს. არ ვიცი, ვინ დაპატიჟა, ასეთი დაპატიჟებები ბევრი გვინახავს, მათ შორის მამუკა ხაზარაძე რომ ამბობდა ტრამპის ინაუგურაციაზე ვარ დაპატიჟებულიო და ქუჩაში რომ დაბორიალობდა მერე ყინვაში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

